მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საჭიროა, ევროინსტიტუტებში საქართველოს აღქმა გაუმჯობესდეს - პაველ ჰერჩინსკი

648ad5565c6e6
თამთა ჯიჯავაძე
15.06.23 13:18
606
საჭიროა, ევროინსტიტუტებსა და ევროკავშირის 27-ივე წევრ ქვეყანაში საქართველოს აღქმა გაუმჯობესდეს, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა და იმედი გამოთქვა, რომ დაინახავს პროგრესს 12 პრიორიტეტის შესრულებისთვის საჭირო რეფორმების განხორციელებისთვის.

„გასულ წელს, როცა ევროპელმა ლიდერებმა გადაწყვიტეს საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივა მიეცათ, ისინი ასევე შეთანხმდნენ 12 პრიორიტეტზე, სადაც საქართველომ უნდა გააძლიეროს რეფორმები. ეს სამუშაო პროცესია და ამ მიმართულებით ბევრი უკვე გაკეთდა და მინდა მივულოცო მთავრობას ის გადაწყვეტილებები და რეფორმები, რაც უკვე გაატარეს, თუმცა სხვა გადაწყვეტილებები ჯერ კიდევ არ არის მიღებული. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ვნახავთ პროგრესს. ამასთან, ვიმედოვნებთ, რომ რაც შეიძლება მეტი პროგრესი იქნება მიღწეული 12 პრიორიტეტის განხორციელების კუთხით. ამავდროულად, ჩვენ გვჭირდება პოზიტიური კონსტრუქციული სიახლეები საქართველოდან. გვჭირდება, გაუმჯობესდეს საქართველოს აღქმა ევროინსტიტუტებში, ასევე, ევროკავშირის 27-ივე წევრ ქვეყანაში. ეს ჩვენი საერთო მიზანია. ჩვენ კი, ჩვენი მხრივ ვეცდებით, ვიმუშაოთ საქართველოს მთავრობასთან და დავეხმაროთ მათ იმისათვის, რომ შეიქმნას პოზიტიური გარემო, 12 პრიორიტეტის განხორციელებაზე დაფუძნებული, ასევე, საქართველოს საერთო აღქმაზე დაფუძნებული“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ევროკავშირის წარმომადგენლებსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის ინტენსიური დიალოგი გაგრძელდეს.

“ორშაბათს საღამოს ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნების ელჩებთან ერთად მიწვეული ვიყავი პრემიერთან შეხვედრაზე. ჩვენ ძალიან გულწრფელი, არსებითი და ღია დისკუსია გვქონდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობაზე, მაგრამ რადგან პირადი შეხვედრა იყო, დეტალებზე არ ვისაუბრებ“, - განაცხადა ელჩმა.

შეგახსენებთ, ორშაბათს საღამოს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის ელჩსა და წევრი ქვეყნების ელჩებს ვახშამზე უმასპინძლა. შეხვედრის შემდეგ განცხადებები არ გაკეთებულა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები