მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საჭიროა უფრო ქმედითი ღონისძიებები, რათა აცრების მაჩვენებელმა მოიმატოს - გამყრელიძე

617ff247a48b7
ინგა მურუსიძე
01.11.21 18:29
413
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორ ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციის ტემპის გასაზრდელად, გარკვეული ნაბიჯები იქნება გადასადგმელი. მისივე თქმით, ყოველდღიურად 5-6-7 ათასი აცრის ჩატარებით, ქვეყანაში პანდემია ვერ შეჩერდება.

„ბოლო ორი კვირაა ახალი შემთხვევების რაოდენობა მერყეობს 3.5 ათასსა და 4.5 ათასს შორის. მომატებულია ინციდენტობა, რეპროდუქციის ინდექსი, თუმცა ბოლო 2 კვირაა და დღეს საპროგნოზოდ ცოტა დამაიმედებელია, რომ რეპროდუქციის ინდექსი ჩამოშორდა ერთს. პანდემიას შეაკავებს მხოლოდ ინტენსიური აცრები. დღევანდელი მონაცემებით, 33%-ზე გვაქვს მოცვის მაჩვენებელი მოზრდილ მოსახლეობაში ორჯერადი აცრით, ხოლო ერთჯერადად აცრილია მილიონი ადამიანი.

თუ ამ ჩარჩოში განვითარდა და ამ რაოდენობის აცრები გვექნება ყოველდღიურად, 5-6-7 ათასი, სამიზნე მაჩვენებელს ვერ მივაღწევთ და ეპიდემიას ვერ შევაკავებთ ქვეყანაში. საჭიროა უფრო ქმედითი ღონისძიებები, რომ აცრების მაჩვენებელმა მოიმატოს. მიუხედავად იმისა, რომ დავდივართ რეგიონებში, სოფლებში, მარათონი მიმდინარეობს, ცნობადობა გაიზარდა, მაგრამ რეეზისტენტობა მოსახლეობის მხრიდან მაღალია. მთელი რიგი ღონისძიებებია დაგეგმილი, ამას საკოორდინაციო საბჭო განიხილავს, თუ როგორ უნდა გაიზარდოს აცრის მაჩვენებელი ქვეყანაში. დამატებითი ღონისძებები იქნება საჭირო“, - განაცხადა მირან გამყრელიძემ.

ამასთან, NCDC-ს ხელმძღვანელის თქმით, ქვეყანაში უკვე დაიწყო ბუსტერ-დოზებით ვაქცინაცია და თითქმის 2000 დოზა ვაქცინა გაკეთებულია, ძირითადად „ფაიზერის“ ვაქცინით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები