მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საჭიროება არ გვაქვს, რომ IMF-ისგან ვისესხოთ, თუმცა ახალი პროგრამა მნიშვნელოვანია - მესტვირიშვილი

6206727ed77ce
შოთა ტყეშელაშვილი
11.02.22 19:20
• 898
საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის 4-წლიანი პროგრამა 2021 აპრილში დასრულდა. ამ ოთხი წლის განმავლობაში “გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ ფარგლებში საქართველომ 687 მილიონი დოლარის ფინანსური მხარდაჭერა მიიღო, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი ქვეყანამ პანდემიური კრიზისის დროს აითვისა. პროგრამის დასრულებიდან მალევე ფინანსთა მინისტრმა BMG-ის განუცხადა, რომ სავალუტო ფონდთან ახალი პროგრამა ქვეყნისთვის სასარგებლო იქნებოდა. გასულ წელსვე მთავრობა პერიოდულად აქვეყნებდა ინფორმაციას, რომ სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან ონლაინფორმატში კონსულტაციები იმართებოდა და განსახილველ საკითხთა შორის ახალი პროგრამისთვის მზადებაც იყო, თუმცა კონკრეტულად როდის დაიწყება ფონდთან ახალი პროგრამა და რა იქნება ის რეფორმები, რომლებიც საქართველომ ამ პროგრამის პირობებში უნდა გაატაროს, არ თქმულა.

საკითხზე დღეს გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში კომენტარი გააკეთა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა, რომლის თქმითაც, ამჟამად ქვეყანას IMF-ისგან დამატებითი ფინანსური რესურსის მოზიდვის საჭიროება დღის წესრიგში არ უდგას, თუმცა უმჯობესი იქნება თუკი ქვეყანას ფონდთან ახალი პროგრამა ექნება, რადგანაც ეს საქართველოს მოულოდნელი შოკების შემთხვევაში უფრო დაცულს გახდის და ახალი სახსრების მოზიდვას გაამარტივებს.

ამასთან, მესტვირიშვილი ხელისუფლებას ფონდის დახმარებით თუ მის გარეშე მტკივნეული რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს.

“ყოველთვის უმჯობესია, გავატაროთ მტკივნეული რეფორმები, რათა უფრო მეტად მტკივნელი პრობლემები ავიცილოთ თავიდან. რა თქმა უნდა, ვინც კონკრეტულ მომენტში გადაწყვეტილების მიმღებია, მისთვის უფრო რთულია ამ გადაწყვეტილების მიღება, როდესაც ვსაუბრობდით 2018-ში ან 2019-ში დაკრედიტების წესების ცვლილებაზე, ვერ წარმოვიდგენდით პანდემიას და კრიზისს.

აუცილებელია, რეფორმები გაგრძელდეს, ეს დაგვეხმარება არამარტო პანდემიის და შოკების დროს, არამედ ნორმალურ სიტუაციაშიც.

რეფორმებისთვის არ არის აუცილებელი სავალუტო ფონდი, ჩვენ რეფორმებს მათ გარეშეც ვახორციელებდით და განვახორციელებთ, თუმცა სავალუტო ფონდი მნიშვნელოვანია არარეზიდენტი ინვესტორებისთვის და თუნდაც სარეიტინგო სააგენტოებისთვის, ეს არის წყარო დამატებითი ინფორმაციის და ანალიზისთვის.

IMF-ისგან რომ თანხა ვისესხოთ, ამის საჭიროება არ გვაქვს, თუმცა როდესაც პროგრამა გვაქვს, თუ გაჩნდა ამის საჭიროება უფრო სწრაფად შეგვეძლება სესხება. სამწუხაროდ, ჩვენი რეგიონი არ არის სტაბილურობით გამორჩეული, რა იქნება 2-3 წლის შემდეგ არავინ იცის,” - აცხადებს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი.

BMG-იმ ამ საკიხთან დაკავშირებით თავად სავალუტო ფონდს მიმართა, ქვეყანაში IMF-ის მუდმივმა წარმომადგენელმა სელიმ ჩაკირმა გვითხრა:

“ჩვენ გვქონდა კარგი დისკუსიები საქართველოს ხელისუფლების და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებთან IMF-ის მიერ მხარდაჭერილი ეკონომიკური პროგრამის თაობაზე, ამჟამად მოლაპარაკებები გრძელდება,”- ამბობს სელიმ ჩაკირი.

IMF-ის ეკონომიკური პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი საქართველოს სახელმწიფო კომპანიების მმართველობის გაუმჯობესება და მათი კორპორატიზაციის ხელშეწყობაა. ეს საკითხი ფონდის წინა პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტიც იყო. მრავალმილიარდიანი ზარალი, კორუფციის და გაუმჭვირვალე მმართველობის რისკები და მსხვილი საკრედიტო ვალდებულებები, ეს ის ფაქტორებია, რომელთა გამოც ფონდი მთავრობას სახელმწიფო საწარმოების რეფორმისკენ მოუწოდებს. სწორედ ამიტომ 2021 წლის დეკემბერში IMF-მა სახელმწიფო კორპორაციების მართვის სტრატეგიის დოკუმენტიც გამოაქვეყნა.

“ბოლო წლებში სს-ების გაუმჯობესებული გამჭვირვალობისა და მონიტორინგის მიუხედავად, კვლავ არადამაკმაყოფილებელია მათი ფინანსური შედეგები. მართალია, გაუმჯობესებული გამჟღავნება/გამჭვირვალობა და მონიტორინგი მნიშვნელოვანი ფაქტორებია, მათ სს-ების საქმიანობის შედეგების გაუმჯობესება შეუძლია მხოლოდ. აშკარაა, რომ სს-ების საქმიანობის შედეგების სასურველი ხარისხით გასაუმჯობესებლად საჭიროა კომპლექსური სამართლებრივი და ინსტიტუციონალური რეფორმის ჩატარება,” - ნათქვამია IMF-ის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

თუკი ქვეყანაში სავალუტო ფონდის ახალი პროგრამა დაიწყო, მთავრობას სახელმწიფო საწარმოების კორპორატიზაციისთვის არსებითი ნაბიჯების გადადგმა მოუწევს, სავარაუდოდ, სწორედ ეს არის ფონდსა და მთავრობას შორის მოლაპარაკებების წამყვანი საკითხი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები