საქართველოს პრეზიდენტი რაჭაში სტიქიის ზონაში, სამაშველო ღონისძიებებში სხვა ქვეყნების დახმარების საჭიროების შემთხვევაში, თავისი როლის შესასრულებლად მზაობას აცხადებს.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, ასეთ რთულ მდგომარეობაში ხელისუფლება და საზოგადოება უნდა გაერთიანდეს და დაეხმაროს დაზარალებულებს მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლაში.
„ეს ქვეყნისთვის და სრულიად საქართველოსთვის დიდი ტრაგედიაა, რომელსაც იზიარებს ჩვენი ყველა მოქალაქე, ჩვენ ვიცით ტრაგედიის წინაშე გაერთიანება და დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია ეს გაერთიანება, რომ ყველა შესაძლებლობით დავეხმაროთ იმ ადამიანებს, რომ გადალახონ ცხოვრების ეს გაუსაძლისი პერიოდი.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია და მე პირადად ვუცხადებთ სოლიდარობას ადგილობრივ ხელმძღვანელობას, ხელისუფლებას, მთავრობას. დღეს ერთიანობის და ამ ტრაგედიის ერთად გადალახვის დროა. პრეზიდენტის ადმინისტრაცია და მე პირადად ყველაფერში ჩავერთვები, სადაც ჩემი აქტიურობა იქნება საჭირო. მომავალ დღეებში ვნახავთ რა კუთხით შეგვიძლია ჩვენი როლის შესრულება ამ ტრაგედიის შესრულებაში.
მინდა მადლობა მოვახსენო ყველა პარტნიორ ქვეყანას, რომლებმაც სოლიდარობა გამოუცხადეს ჩვენს საზოგადოებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მოვისმინე პრემიერისგან რომ სხვა ქვეყნების დახმარება ჯერჯერობით საჭირო არ არის, თუ ამის საჭიროება დადგა მზად ვარ ჩემი როლი შევასრულო სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან დაკავშირებაში“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა, დაზარალებულებს კი თანადგომა აღუთქვა. სალომე ზურაბიშვილმა მაშველებს და სამაშველო ღონისძიებებში ჩართულ მოხალისეებს მადლობა გადაუხადა.