ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ნონა წოწორია მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნების" მიერ კორუფციის წინააღმდეგ გამოცხადებული ბრძოლა გულწრფელი არ არის, რასაც ჯერ კიდევ წლების წინ მათ მიერვე გატარებული პოლიტიკა მოწმობს.
ამის შესახებ წოწორიამ BMGTV-ის გადაცემა "წერტილის" ეთერში, "ოცნების" მაღალჩინოსანთა იმ განცხადებების შეფასებისას ისაუბრა, რომელთა თანახმადაც, სახელმწიფო კორუფციის წინააღმდეგ "უკომპრომისო და შეურიგებელი" იქნება. განცხადებების პარალელურად, ბოლო პერიოდში სხვადასხვა კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით უკვე დააპატიმრეს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე, თავდაცვის ექსმინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის ყოფილი მოადგილე და სხვა პირები.
"ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ეს გულწრფელი ბრძოლაა. ამ საჩვენებელ პროცესებს არავითარი კავშირი არ აქვთ კორუფციასთან რეალურ ბრძოლასთან. იმიტომ რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა არ არის ერთი-ორი საჩვენებელი პროცესი, ჩვენ ამას უნდა ვუყუროთ დინამიკაში და ვხედავთ, რომ საქართველომ უკვე რამდენიმე წელია უბრალოდ შეაჩერა ანტიკორუფციული პროგრამები. ამ თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი იყო 2023 წელს, როდესაც საქართველომ უხმოდ, ყოველგვარი განსაკუთრებული წინაპირობების გარეშე განაცხადა, რომ ის გამოვიდა ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელიდან. საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, აღმოსავლეთ ევროპაში და ცენტრალურ აზიაში, რომელიც ამ ქსელიდან გამოვიდა ერთადერთი მოტივით, რომ არ დაექვემდებაროს დამოუკიდებელ მონიტორინგს ანტიკორუფციული პროგრამების განხორციელების პროცესში. ევროკომისია და ევროპის საბჭო მუდმივად მოითხოვდა საქართველოსგან, რომ ქვეყანა დაჰბრუნებოდა ამ მექანიზმს", - აღნიშნავს ნონა წოწორია.
მისი შეფასებით, "ოცნების" პოლიტიკას საერთო რომ არაფერი აქვს კორუფციასთან ბრძოლასთან, ისიც ადასტურებს, რომ ხელისუფლება სხვადასხვა ანტიკორუფციულ მექანიზმს არასამთავრობო და მედია სექტორის წინააღმდეგ იყენებს, მაშინ, როცა კორუფცია სისტემურია და ყველა დონეზე ვრცელდება.
"ეს ყველაფერი თითქოს ჩვენი დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის დაცვის საფარქვეშ ხდება, რასაც არავითარი კავშირი ამ ყველაფერთან არ აქვს. ჩვენ ნელ-ნელა გავხდით სახელმწიფო, რომელიც მთლიანად ჩამოშორდა ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმების თუ პროგრამების განხორციელების გზას. ეს გუშინ არ მომხდარა, ამ მექანიზმების დეგრადირება უკვე დიდი ხნის განმავლობაში ხდება, რაც პირდაპირ მიუთითებს, რომ ეს შემთხვევითი არ იყო. უფრო მეტსაც, ევროპის საბჭო მოითხოვს, რომ საქართველოს ანტიკორუფციულ ბიუროს ჰქონოდა დამოუკიდებლობის მეტი გარანტიები... მიუხედავად ამისა, ამ გარანტიების ფონზე, ანტიკორუფციული ბიურო, კორუფციასთან ბრძოლის ნაცვლად, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიაორგანიზაციების სადამსჯელო მექანიზმი ხდება. ამაშიც კი ვხედავთ რაღაც დონის უტიფრობას, როდესაც ნაცვლად იმისა, რომ ინსტიტუტი, რომელიც კორუფციას უნდა ებრძოდეს, რეალური საქმით უნდა იყოს დაკავებული, ისინი თავისუფალი დამოუკიდებელი ინსტიტუტების კონტროლის ფუნქციით აღიჭურვნენ.
ამაშიც ჩანს, რომ კორუფციასთან ბრძოლას, რომელიც თითქოს ახლა არის გამოცხადებული, არავითარი კავშირი არ აქვს იმ სისტემურ მექანიზმთან, რომლითაც სხვადასხვა ქვეყანა ებრძვის კორუფციას. კორუფცია ნამდვილად არის კიბო, უფრო მეტიც, სარკომაა, რომელიც კლავს ჩვენი ქვეყნის ორგანიზმს. და კლავს ყველა დონეზე, არა მხოლოდ სისტემურ, არა მხოლოდ ელიტურ კორუფცია, არამედ ყველა დონეზეა და ჩვენ ამაზე წლების განმავლობაში ვისმენთ. ზოგჯერ ისეთი ციფრებია, რომ წარმოუდგენელია, რეგიონულ დონეზე ამ მასშტაბის კორუფცია იყოს, მაგრამ ფაქტია. და ეს ყველაფერი ე.წ. ხელისუფლების, ანუ რეჟიმის ხელდასმით ხდება", - აცხადებს ნონა წოწორია.




























