მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ფასები კიდევ გაიზრდება - "არსი"

60fed5e9caf3b
სალომე მეცხვარიშვილი
26.07.21 23:30
2662
საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ფასები კიდევ გაიზრდება - მსგავს პროგნოზს აკეთებს დეველოპერული კომპანია “არსის” ხელმძღვანელი. “საქმის კურსთან” საუბრისას ბესიკ ორთოიძე იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც უძრავ ქონებაზე ფასები უკვე გაზრდილია. საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში უძრავი ქონება 10.1%-ით გაძვირდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ფასები წინა წელთან შედარებით 18%-ით არის გაზრდილი კერძო სახლებზე, 7.5%-ით კი ბინებზე.

კომპანია "არსის" გენერალური დირექტორი ერთ-ერთ მიზეზად სამშენებლო მასალების გაძვირებას ასახელებს და ამბობს, რომ ბოლო 6 თვეში პროდუქციაზე ფასები 30-35%-ით გაიზარდა და მდგომარეობა კიდევ არ დასტაბილურებულა.

“ფასების ზრდა ბაზარზე ლოგიკურია და ეს რამდენიმე ფაქტორისგან არის გამოწვეული. თუ წლების მიხედვით ტენდენციას შევხედავთ, უძრავი ქონების ფასი სულ მზარდია, უბრალოდ პანდემიამ ცოტა შეაფერხა ეს პროცესი. თუმცა აქ სხვა ფაქტორები ჩაირთო, ეს არის რეგულაციები, რომლებსაც მთავრობა ატარებს. რამდენიმე ახალი რეგულაცია მივიღეთ მიმდინარე და გასულ წლებში, რომლებიც პირდაპირ არის დაკავშირებული თვითღირებულების ზრდასთან. მეორე, მნიშვნელოვანი ფაქტორია მასალებზე ფასების ზრდა, 6 თვეში 35%-ით არის გაძვირებული სამშენებლო მასალები. ეს თავისთავად მოქმედებს გასაყიდ ფასზე და მეტსაც გეტყვით, წლის ბოლომდე კიდევ მოიმატებს ღირებულება”,- აცხადებს ბესიკ ორთოიძე და აღნიშნავს, რომ წესით ფასები შემოდგომისთვის უნდა დასტაბილურდეს. შემდეგ კი ახალი რეალობა აისახება უძრავი ქონების გასაყიდ ფასზეც.

კითხვაზე, რა რეგულაციებს გულისხმობს “არსის” დირექტორი, რომლებმაც, მისი თქმით, ხელი შეუწყვეს უძრავი ქონების ბაზარზე ფასების მატებას, ორთოიძე რამდენიმე მაგალითს იხსენებს:

“ერთ-ერთი რეგულაცია, რაც წელს შევიდა ძალაში არის “მისაწვდომობის სტანდარტი”, რაც გულისხმობს, რომ ყველა შშმ პირისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი როგორც შენობა, ასევე მიმდებარე ტერიტორია და ეს გავლენას ახდენს ღირებულებაზე, რადგან იზრდება სადარბაზოს ფართი, ემატება გარკვეული აღჭურვილობა და ა.შ. ასევე ის კანონი, რომელიც სულ ახლახან მიიღო პარლამენტმა და გულისხმობს ერთი მხრივ ამნისტიას და მეორე მხრივ, ექსპლუატაციაში შესვლამდე გარკვეულ აკრძალვებს(მაგალითად კომუნალური სერვისების ვერ ჩართვას)...ეს მთლიანად ბიზნესპროცესს ცვლის და გავლენას მოახდენს ფასებზეც”,- აცხადებს ბესიკ ორთოიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები