მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სად აბანდებენ ცენტრალური ბანკები $11.5 ტრილიონს? - უმსხვილესი სარეზერვო ვალუტები

დოლარი

თანამედროვე გლობალური ეკონომიკური წესრიგი, თავისი არსით, ცენტრალური ბანკების მიერ მართულ სავალუტო რეზერვებზე დგას. ამ აქტივებს, რომლებიც ქვეყნების ფინანსური სტაბილურობის გარანტს წარმოადგენს, საერთაშორისო ვაჭრობის ანგარიშსწორებისა და კრიზისული სიტუაციების მართვისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის უახლესი კვლევა მსოფლიოს წამყვანი სარეზერვო ვალუტების გადანაწილების სურათს ასახავს და გვიჩვენებს, თუ რომელი მონეტარული ერთეულები ფლობენ დღევანდელ მსოფლიოში დომინანტ პოზიციას.

IMF-ის ანალიზის საფუძველზე თამამად შეგვიძლია ვთქვათ,რომ მსოფლიო ასპარეზზე ძალთა გადანაწილების მუდმივი ცვლილებების მიუხედავად, ამერიკული დოლარი კვლავინდებურად გლობალური სარეზერვო სისტემის ხერხემალია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის „ოფიციალური სავალუტო რეზერვების ვალუტის შემადგენლობის“ მონაცემთა ბაზის თანახმად, 11.47 ტრილიონი დოლარის მოცულობის გლობალურ რეზერვებში დოლარის წილი 57.79%-ს შეადგენს, რაც ნომინალურ ღირებულებაში დაახლოებით 6.6 ტრილიონ აშშ დოლარს უტოლდება. მართალია, დროთა განმავლობაში დოლარის წილის გარკვეული კლება შეინიშნება, მისი მკაფიო და სრულფასოვანი შემცვლელი ჰორიზონტზე ჯერ კიდევ არ ჩანს.

ამერიკული ვალუტის პოზიციებს უპირველესად შეერთებული შტატების ღრმა ფინანსური ბაზრები, გლობალურ ვაჭრობაში ინვოისების დოლარში წარმოება და გაურკვევლობის პერიოდში მისი, როგორც „უსაფრთხო თავშესაფრის“ სტატუსი ამტკიცებს

დოლარის შემდეგ გლობალურ სავალუტო კალათაში მეორე უმნიშვნელოვანეს ადგილს ევრო იკავებს, რომელიც მთავარ ალტერნატიულ სარეზერვო ვალუტად განიხილება. ცენტრალური ბანკების საცავებში ევროს სახით დაახლოებით 2.3 ტრილიონი დოლარის ეკვივალენტია განთავსებული, რაც მთლიანი რეზერვების 19.84%-ს შეადგენს. ევროსა და დოლარის მიღმა არსებული სივრცე კი რამდენიმე შედარებით მცირე, თუმცა მყარ ვალუტას შორის ნაწილდება.

განსაკუთრებულ ყურადღებას იაპონური იენი და ბრიტანული გირვანქა სტერლინგი იმსახურებენ, რომლებიც ერთობლივად გლობალური რეზერვების დაახლოებით 11%-ს აკონტროლებენ. კერძოდ, იაპონური იენი 667 მილიარდი დოლარით (5.81%) მესამე პოზიციაზეა, 542 მილიარდი დოლარით კი მას (4.73%) გირვანქა სტერლინგი მოჰყვება.

რაც შეეხება სარეზერვო აქტივების დარჩენილ ნაწილს, იგი ისეთ ვალუტებზე ნაწილდება, როგორიცაა კანადური დოლარი (2.77%), ავსტრალიური დოლარი (2.05%) და შვეიცარიული ფრანკი (0.18%). საინტერესოა ჩინური იუანის პოზიციაც, რომლის შესახებაც ბოლო დროს სულ უფრო აქტიურად საუბრობენ. მიუხედავად იმისა, რომ გლობალურ ვაჭრობასა და ფინანსებში ჩინური ვალუტის ხილვადობამ იმატა, რეზერვების საერთო მოცულობაში მისი წილი ჯერჯერობით მხოლოდ 2.18%-ს შეადგენს, რაც 250 მილიარდ დოლარამდე თანხას უტოლდება.

შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ გლობალური ფინანსური სისტემა, მცირედი ტრანსფორმაციების მიუხედავად, კვლავაც დოლარდამოკიდებული რჩება. თვალსაჩინოა, რომ მსოფლიოს ცენტრალური ბანკები, სავალუტო რისკების დაზღვევისა და ლიკვიდურობის უზრუნველყოფის მიზნით, არჩევანს კვლავ ნაცად და მძლავრ ეკონომიკურ ბერკეტებზე აკეთებენ. ეს მოცემულობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სარეზერვო ვალუტის სტატუსის მოპოვება თუ დაკარგვა ხანგრძლივი პროცესია და ის არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ გეოპოლიტიკურ ნდობასაც ეფუძნება.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები