მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სად (არ) არის აკრძალული სუროგაცია - როგორია საერთაშორისო პრაქტიკა

საერთაშორისო პრაქტიკა

სუროგაციის სრული აკრძალვა შვილის ყოლის შესაძლებლობას უზღუდავს საქართველოს იმ მოქალაქეებსაც, რომელთათვისაც სუროგაცია მშობლობის ერთადერთი გზაა. ხელისუფლება ამ ნაბიჯს ტრეფიკინგისა და ქალთა ექსპლუატაციის პრევენციის აუცილებლობით ხსნის, თუმცა ჩნდება მთავარი კითხვა: შესაძლებელია თუ არა ამ რისკებთან ბრძოლა ისე, რომ უშვილო წყვილებს მშობლობის შესაძლებლობა არ შეეზღუდოთ? სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისა და უფლებადამცველების ნაწილი გამოსავალს სრულ აკრძალვაში კი არა, მკაცრ რეგულირებასა და ზედამხედველობაში ხედავს. საერთაშორისო პრაქტიკა კი აჩვენებს, რომ ქვეყნები სუროგაციას განსხვავებული წესებით არეგულირებენ: ზოგან ის სრულად აკრძალულია, ზოგან კი მხოლოდ არაკომერციული ფორმით, მკაცრი პირობების დაცვით არის დაშვებული. BMG-მ შეისწავლა, როგორ არეგულირებენ სუროგაციას სხვადასხვა ქვეყანაში და რა პირობებით არის ის დაშვებული.

საქართველოში სუროგაციის სრულად აკრძალვის ინიციატივა

2026 წლის 22 ნოემბერს „ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობამ საქართველოში სუროგაციის სრულად აკრძალვის გადაწყვეტილება გამოაცხადა. შესაბამისი კანონპროექტის პარლამენტში წარდგენა უახლოეს მომავალში იგეგმება. სუროგაცია აიკრძალება როგორც უცხოელებისთვის, ისე საქართველოს მოქალაქეებისთვის. გადაწყვეტილების მიზეზად სუროგაციასთან დაკავშირებული ეთიკური და სამართლებრივი რისკები სახელდება.

ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საქართველოში სუროგაციას ინდუსტრიას მხოლოდ ეკონომიკური საქმიანობის სახე აქვს მიღებული, რის გამოც მკაცრი რეგულაციების პირობებშიც კი რისკების დაზღვევა შეუძლებელია და სრული აკრძალვა უფრო გამართლებული იქნება. მისივე თქმით, სუროგაციის სრულად აკრძალვას ევროპული სახელმწიფოების უმრავლესობაც ირჩევს, მათ შორის - ისეთი ქვეყნები, რომელთაც ძლიერი სამედიცინო და სამართლებრივი სისტემები აქვთ (მაგალითად, გერმანია, საფრანგეთი და ესპანეთი).

სუროგაციის აკრძალვასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „ეთიკური თვალსაზრისით, უამრავი პრობლემაა, მთავარი კი ქალების ექსპლუატაციაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სუროგაციას. შესაბამისად, როგორც არ უნდა დაარეგულირო, ექსპლუატაცია ექსპლუატაციად რჩება”.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ხელისუფლებას ტრეფიკინგის შესაძლო შემთხვევების შესახებ კონკრეტული ინფორმაცია აქვს. მისივე მტკიცებით, საქართველოში სუროგაციის სერვისით მოსარგებლეთა 98% უცხო ქვეყნის მოქალაქეა, საქართველოს მოქალაქეებზე კი მხოლოდ 2% მოდის და მიუხედავად იმისა, რომ სერვისის სრულად აკრძალვა ამ 2%-საც შეეხება, ადგილობრივი მოქალაქეები გადაწყვეტილებას „გაგებით მოეკიდებიან“.

სუროგაციის აკრძალვის გადაწყვეტილების მიღებამდე საკითხზე კონსულტაციები გაიმართა საქართველოს საპატრიარქოსთან.

სუროგაციის სრულად აკრძალვის დაანონსების შემდეგ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისა და უფლებადამცველების ნაწილის კრიტიკის მთავარი საგანი გახდა არა კომერციული სუროგაციის აკრძალვა, არამედ საქართველოს მოქალაქეებისთვის ნებაყოფლობითი, არაკომერციული სუროგაციის შესაძლებლობის შეზღუდვა. მათი პოზიციის თანახმად, ქალთა ექსპლუატაციისა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა სფეროს მკაცრი რეგულირებით და ზედამხედველობით უნდა განხორციელდეს და არა ყველა ფორმის სუროგაციის აკრძალვით.

სუროგაცია აიკრძალება - 2023 წლის საკანონმდებლო ინიციატივა

„ქართულმა ოცნებამ” სუროგაციის რეგულირების შეცვლა ჯერ კიდევ 2023 წლის ზაფხულში დააანონსა. მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოში სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის უნდა ყოფილიყო დაშვებული, უცხოელებისთვის კი როგორც სუროგაციის, ისე ინ ვიტრო განაყოფიერების მომსახურება უნდა შეეზღუდათ.

2023 წლის 14 ივნისს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ” მხოლოდ უცხოელებისთვის მომსახურების აკრძალვით არ შემოიფარგლებოდა და სფეროს ფართო რეგულირებას ითვალისწინებდა. კერძოდ, პროექტი კრძალავდა კომერციულ სუროგაციასა და რეპროდუქციული უჯრედებით ვაჭრობას, თუმცა სუროგატი დედისა და დონორებისთვის გარკვეული ხარჯების კომპენსაციას უშვებდა. ასევე, გათვალისწინებული იყო კლინიკების ლიცენზირება, სახელმწიფო ზედამხედველობა, ერთიანი რეესტრის შექმნა და დარღვევებისთვის სანქციების დაწესება.

კანონპროექტი საბოლოოდ არ მიუღიათ და კანონად არ ქცეულა. შესაბამისად, 2023 წელს გათვალისწინებული შეზღუდვები ძალაში არ შესულა.

სუროგაციის სამართლებრივი რეგულირება ევროკავშირში

ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სუროგაციის ერთიანი სამართლებრივი ჩარჩო არ მოქმედებს. თითოეული ქვეყანა თავად წყვეტს, დაუშვას თუ არა სუროგაცია და რა ფორმით. ევროპარლამენტის კვლევითი სამსახურის (EPRS) 2025 წლის კვლევის მიხედვით, ქვეყნების ნაწილი სუროგაციას მხოლოდ არაკომერციული ფორმით უშვებს, ნაწილი პირდაპირ ან არაპირდაპირ კრძალავს.

სუროგაციის პირდაპირი აკრძალვა მოქმედებს: ბულგარეთში, ხორვატიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, ლიეტუვაში, მალტაში, სლოვენიაში და ესპანეთში.

საფრანგეთში 1994 წლიდან მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 16-7 მუხლის თანახმად, სუროგაციის შესახებ ნებისმიერი შეთანხმება ბათილია.

გერმანიაში „ემბრიონის დაცვის შესახებ კანონი” სუროგაციის განხორციელებას სამედიცინო პერსონალს უკრძალავს და დარღვევისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამასთან, „შვილად აყვანის შუამავლობის შესახებ” კანონიც კრძალავს სუროგაციის შეთანხმებებს.

იტალიაში სუროგაცია 2004 წლის კანონის (Legge 40/2004) მე-12 მუხლის მე-6 ნაწილით აკრძალულია და სასჯელი სამ თვიდან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთაა. 2024 წლის ნოემბერში აკრძალვა გავრცელდა იტალიის იმ მოქალაქეებზეც, რომლებიც სუროგაციის შეთანხმებას საზღვარგარეთ აფორმებენ.

ბულგარეთში სუროგაციის აკრძალვა, დამხმარე რეპროდუქციის შესახებ რეგულაციასთან ერთად, სისხლის სამართლის კოდექსშიც არის ასახული.

ესპანეთში სუროგაციის შესახებ შეთანხმებას 2006 წლის კანონის №14/2006 მე-10 მუხლი ბათილად მიიჩნევს. იგივე აკრძალვა მანამდე, 1988 წლის №35 კანონითაც იყო გათვალისწინებული. ესპანეთის კანონმდებლობით, დაბადებული ბავშვის დედად მიიჩნევა ქალი, რომელმაც ის გააჩინა, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის ბავშვის გენეტიკური დედა.

სლოვენიის კანონმდებლობა სუროგაციის გზით ბავშვის გაჩენას ზღუდავს. კერძოდ, სლოვენიაში ქალი ვერ ისარგებლებს ხელოვნური განაყოფიერების პროცედურებით იმ მიზნით, რომ სხვა პირისთვის, როგორც სუროგატმა დედამ, ბავშვი გააჩინოს.

ასევე, სუროგაცია აკრძალულია ლიეტუვასა და მალტაში.

ზოგ ქვეყანაში სუროგაცია ირიბად არის აკრძალული. ასეთი შეზღუდვა მოქმედებს ავსტრიაში, ესტონეთში, ფინეთში, უნგრეთსა და შვედეთში. მაგალითად, ავსტრიაში ირიბი აკრძალვა გამომდინარეობს იქიდან, რომ ხელოვნური განაყოფიერება (IVF) მხოლოდ ქორწინებაში ან რეგისტრირებულ პარტნიორობაშია დაშვებული, ხოლო მესამე პირზე გადატანა მხოლოდ დონორის კონტექსტში განიხილება, რაც არსებითად სუროგაციას გამორიცხავს. ავსტრიაში დამატებით მოქმედებს უფრო პირდაპირი აკრძალვაც: რეპროდუქციული მედიცინის შესახებ კანონი კრძალავს შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც მესამე პირს კვერცხუჯრედი უნდა გადაენერგოს.

ევროკავშირის დონეზე სუროგაციის შესახებ აკრძალვები ეხება წევრ სახელმწიფოებში დადებულ შეთანხმებებს და არ ვრცელდება საზღვარგარეთ დადებულ შეთანხმებებზე. ამ მხრივ გამონაკლისია იტალია, რომლის კანონმდებლობას ექსტრატერიტორიული მოქმედების დებულება აქვს.

ევროკავშირის ქვეყნები, სადაც სუროგაცია ნებადართულია

საბერძნეთი

საბერძნეთი ევროკავშირის იმ ქვეყნებს მიეკუთვნება, სადაც სუროგაცია კანონით დაშვებულია, თუმცა მხოლოდ არაკომერციული (ალტრუისტული) ფორმით. პროცედურის დაწყებამდე სავალდებულოა სასამართლოს წინასწარი ნებართვა. სუროგაციით სარგებლობა შეუძლია სხვადასხვა სქესის წყვილს ან მარტოხელა ქალს, თუ ქალს სამედიცინო მიზეზით არ შეუძლია ორსულობა. ამასთან, სუროგატი ბავშვის გენეტიკური დედა ვერ იქნება.

კომერციული სუროგაცია დაუშვებელია, თუმცა კანონმდებლობა ითვალისწინებს ორსულობასთან დაკავშირებული ხარჯების, დაკარგული შემოსავლის და ფიზიკური დატვირთვის კომპენსაციას.

2025 წელს წესები კიდევ უფრო გამკაცრდა: კანონი სუროგაციის მსურველ ქალსაც და სუროგატ დედასაც საბერძნეთში კანონიერ საცხოვრებელს ავალდებულებს.

კვიპროსი

კვიპროსის კანონმდებლობა სუროგაციის გამოყენების უფლებას ანიჭებს ჰეტეროსექსუალურ წყვილებსა და მარტოხელა ქალებს, რომლებსაც სამედიცინო მიზეზით არ შეუძლიათ ორსულობა. ევროპარლამენტის კვლევითი სამსახურის (EPRS) 2025 წლის ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში დაშვებულია მხოლოდ ალტრუისტული და გესტაციური სუროგაცია. სუროგატი დედა ბავშვის გენეტიკური მშობელი ვერ იქნება. ამ მიზნით გამოიყენება პოტენციური დედის ან დონორის კვერცხუჯრედი. კომერციული სუროგაცია აკრძალულია.

ემბრიონის გადატანამდე აუცილებელია სპეციალური მარეგულირებელი ორგანოს თანხმობა და საოჯახო სასამართლოს მიერ სუროგაციის შეთანხმების დამტკიცება. ამ პროცედურის გავლის შემთხვევაში, პოტენციური მშობლები ბავშვის სამართლებრივ მშობლებად დაბადებისთანავე მიიჩნევიან.

ამასთან, პოტენციური დედაც და სუროგატიც კვიპროსში უნდა ცხოვრობდნენ, თუმცა ადგილობრივი სუროგატის ვერმოძიების შემთხვევაში დაშვებულია უცხოეთში მცხოვრები სუროგატის მოწვევაც იმ პირობით, რომ იგი კვიპროსში ორსულობის 28-ე კვირიდან იცხოვრებს.

ნიდერლანდები

ნიდერლანდებში სუროგაცია გარკვეული პირობებით დაშვებულია. მომავალ მშობლებს შეუძლიათ, კერძო შეთანხმება გააფორმონ მათთვის ნაცნობ ქალთან, მაგალითად, ნათესავთან ან მეგობართან, და აუნაზღაურონ ორსულობასთან და ბავშვის გაჩენასთან დაკავშირებული ხარჯები.

ამასთან, აკრძალულია სუროგატი დედის საჯაროდ მოძიება. შეზღუდვა ვრცელდება სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ განცხადებებზეც. ასევე, კანონით აკრძალულია კომერციული სუროგაციის ხელშეწყობა.

გაერთიანებული სამეფო და სომხეთი - ევროკავშირის მიღმა არსებული განსხვავებული მოდელები

ევროპის ქვეყნების პრაქტიკა აჩვენებს, რომ სუროგაციის სამართლებრივი რეგულირება განსხვავებულია, ზოგან ის სრულად აკრძალულია, ზოგან კი გარკვეული პირობებით, ძირითადად ალტრუისტული ფორმით, არის დაშვებული. ევროკავშირის მიღმა ქვეყნების ნაწილი სუროგაციას მხოლოდ არაკომერციული ფორმით უშვებს, ნაწილი კი ანაზღაურების მიღებასაც ითვალისწინებს. ამ მხრივ საინტერესოა გაერთიანებული სამეფოს და სომხეთის მაგალითები: პირველში სუროგაცია დასაშვებია მხოლოდ გონივრული ხარჯების ანაზღაურებით, სომხეთში კი კომერციული სუროგაცია ნებადართულია.

გაერთიანებული სამეფო

გაერთიანებულ სამეფოში სუროგაცია კანონიერია, მაგრამ სუროგატს მხოლოდ გონივრული ხარჯები შეიძლება აუნაზღაურდეს, ანუ კომერციული სუროგაცია დაშვებული არ არის. სუროგაციის შესახებ შეთანხმება კანონით არ აღსრულდება. ბავშვის დაბადებისთანავე მის სამართლებრივ დედად სუროგატი ქალი მიიჩნევა. მშობლობის გადასაცემად მომავალ მშობლებს დაბადების შემდეგ სჭირდებათ სასამართლოს მიერ გაცემული Parental Order ან შვილად აყვანის პროცედურის გავლა.

სომხეთი

სომხეთში დაშვებულია მხოლოდ გესტაციური სუროგაცია, რომლის დროსაც სუროგატი დედა ბავშვის გენეტიკური მშობელი არ არის. კანონმდებლობა ითვალისწინებს როგორც კომერციულ, ისე ალტრუისტულ სუროგაციას. სუროგატ დედას ორსულობის ტარებისა და მშობიარობისთვის შეუძლია მიიღოს ფულადი ანაზღაურება, რომლის პირობებიც წინასწარ გაფორმებულ, ნოტარიულად დამოწმებულ ხელშეკრულებაში უნდა განისაზღვროს.

სუროგაციით სარგებლობა შეუძლიათ კანონიერ ქორწინებაში მყოფ წყვილებსა და მარტოხელა პირებსაც, გარკვეული პირობებით. დაუქორწინებელ მამაკაცს სუროგაციის გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ ის მომავალი ბავშვის ბიოლოგიური მამაა. ქალს კი სუროგაციის გამოყენების უფლება არ აქვს, თუ ორსულობის ტარების სამედიცინო უკუჩვენება არ გააჩნია.

2024 წელს სომხეთის პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმადაც, არაეთნიკურად სომეხ უცხოელებს აეკრძალათ სომხეთის მოქალაქე სუროგატი დედის მომსახურებით სარგებლობა. ეს შეზღუდვა ეხება მხოლოდ სომხეთის მოქალაქე სუროგატ დედას და უცხოელებისთვის სუროგაციის სრულ აკრძალვას არ ნიშნავს. არაეთნიკურად სომეხმა უცხოელმა წყვილმა, კანონის მიხედვით, სუროგაციით შეიძლება ისარგებლოს, თუ ერთ-ერთი მათგანი მაინც ბავშვის ბიოლოგიური მშობელია. ამ შემთხვევაში დამატებითი შეზღუდვა ისაა, რომ სომხეთის მოქალაქე სუროგატს ვერ გამოიყენებს.

2024 წლის ცვლილებებით ასევე განისაზღვრა სქესობრივი უჯრედებისა და ემბრიონების ექსპორტის, იმპორტისა და ტრანსპორტირების წესები. მათი გადაადგილება შესაბამისი ლიცენზიის მქონე სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტისა და ბიოლოგიური მშობლების წერილობითი თანხმობის საფუძველზე უნდა განხორციელდეს.

კანონი ითვალისწინებს რამდენიმე დამცავ მექანიზმს, მათ შორის DNA ტესტს, ნოტარიულ ხელშეკრულებასა და სახელმწიფო კონტროლს.

აშშ - სუროგაციის რეგულირება შტატების მიხედვით

აშშ-ში სუროგაციის ერთიანი ფედერალური კანონი არ არსებობს და რეგულაციები შტატების მიხედვით განსხვავდება.

ყველაზე ლიბერალურ შტატებში სუროგაცია კანონით არის დაშვებული და ხელშეკრულებებისა და მშობლობის დაცვის მექანიზმებიც მკაფიოდაა გაწერილი. ასეთებია, მაგალითად, კალიფორნია, კოლორადო, ნიუ-იორკი და ვაშინგტონი. ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში კანონი ანაზღაურებად გესტაციურ სუროგაციას პირდაპირ ითვალისწინებს.

რამდენიმე შტატში ანაზღაურებადი სუროგაცია ბოლო წლებში კანონიერი ან კანონით დაცული გახდა. მაგალითად, მიჩიგანში, სადაც კომერციული სუროგაცია წლების განმავლობაში სისხლისსამართლებრივად იყო აკრძალული, 2025 წლის აპრილიდან ახალი კანონი ამოქმედდა და კონტრაქტები აღსრულებადი გახდა.

ტეხასში, ფლორიდასა და იუტაში სუროგაცია გარკვეული პირობებით არის დაშვებული. მაგალითად, ოფიციალური ქორწინება ან სამედიცინო ჩვენება და სხვა (შტატების მიხედვით განსხვავდება).

ლუიზიანა ერთ-ერთი ყველაზე მკაცრია. გესტაციური სუროგაცია იქ მხოლოდ ლუიზიანის რეზიდენტი, დაქორწინებული ქალისა და მამაკაცის წყვილისთვის არის დაშვებული, რომელთა ორივე წევრი ბავშვს გენეტიკურად უკავშირდება. ანაზღაურებადი ხელშეკრულება ბათილია.

არიზონაში, ინდიანასა და ნებრასკაში სუროგაციის ხელშეკრულებების სამართლებრივი აღსრულება შეზღუდულია. მიუხედავად ამისა, ამ შტატებში სასამართლოები გარკვეულ შემთხვევებში მაინც ადგენენ მშობლობის უფლებას, თუმცა ამისთვის განსხვავებული სამართლებრივი პროცედურებია საჭირო.

სუროგაცია და საერთაშორისო სამართალი

ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ მიმართული დირექტივა

2024 წელს მიღებულმა დირექტივამ 2024/1712, რომლითაც ცვლილებები შევიდა ადამიანით ვაჭრობის პრევენციისა და მასთან ბრძოლის შესახებ 2011/36/EU დირექტივაში, სუროგაციის ექსპლუატაცია ადამიანით ვაჭრობის ერთ-ერთ ფორმად პირდაპირ დაასახელა.

ეს ნორმა ეხება შემთხვევებს, როდესაც ქალებს სუროგატ დედებად იძულებით ან მოტყუებით იყენებენ. სუროგაცია თავისთავად ადამიანით ვაჭრობად არ ითვლება. ამისთვის ადამიანით ვაჭრობის დანაშაულის ყველა შემადგენელი ელემენტი უნდა არსებობდეს, მაგალითად იძულება ან მოტყუება. Eurojust-ის შეფასებით, პრაქტიკაში სირთულეს წარმოადგენს იმის დადგენა, არის თუ არა სუროგატი ექსპლუატაციის მსხვერპლი და ვინ უნდა ჩაითვალოს დამნაშავედ, მოწმედ ან დაზარალებულად.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა

ცალკე გამოწვევაა საზღვარგარეთ სუროგაციით დაბადებული ბავშვების მშობლობის აღიარება. 2014 წლიდან ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ იმსჯელა ამ საკითხზე. სასამართლოს განმარტებით, სახელმწიფოს შეუძლია საკუთარ ტერიტორიაზე სუროგაცია აკრძალოს. თუმცა თუ ბავშვს ერთ-ერთ განზრახ მშობელთან გენეტიკური კავშირი აქვს, შიდა კანონმდებლობამ ამ მშობელთან სამართლებრივი კავშირის აღიარების ან დადგენის შესაძლებლობა უნდა უზრუნველყოს.

ამრიგად, სუროგაციის სამი ძირითადი მოდელი შეგვიძლია გამოვყოთ: აკრძალვა, ალტრუისტული და კომერციული სუროგაცია. რიგ ქვეყნებში სუროგაცია იკრძალება (მაგალითად, გერმანიაში, საფრანგეთსა და ესპანეთში). ევროპის რიგ ქვეყნებში სუროგაციის ალტრუისტული მოდელია დაშვებული, ამ შემთხვევაში სუროგატს მხოლოდ ხარჯები ან კანონით შეზღუდული კომპენსაცია ეძლევა (საბერძნეთი, კვიპროსი, ნიდერლანდები, გაერთიანებული სამეფო), არის ქვეყნები სადაც სუროგაციის კომერციული მოდელია დაშვებული და შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმებით რეგულირდება (მაგალითად სომხეთი, აშშ-ის რიგი შტატი, ნიუ-იორკი, ვაშინგტონი და სხვა). ევროკავშირის სამართლის მიხედვით, სუროგაცია თავისთავად ადამიანით ვაჭრობა არ არის და ტრეფიკინგად ის მხოლოდ იძულების ან მოტყუების შემთხვევაში ითვლება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები