ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ცინ განი უკვე სამი კვირაა საჯაროდ არ გამოჩენილა. მინისტრის უჩვეულო გაუჩინარებამ სპეკულაციები გამოიწვია, რასაც ამწვავებს ჩინეთის "გაუმჭვირვალობაც".
57 წლის განი კარიერული დიპლომატია და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეთაურის სი ძინპინის ნდობით აღჭურვილ პირად მიიჩნევა, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე დეკემბერში დაინიშნა.
როგორც CNN წერს, მან საკვანძო როლი ითამაშა აშშ-ჩინეთის ურთიერთობის სტაბილიზაციასა და კომუნიკაციის აღდგენაში, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის ჩინეთში ვიზიტის ჩათვლით, რომელიც ივნისის შუა რიცხვებში შედგა. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბოლოს საჯაროდ 25 ივნისს გამოჩნდა, როცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ანდრეი რუდენკოს მასპინძლობდა პეკინში, რომლის ვიზიტიც კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” სამხედრო ამბოხიდან მალევე შედგა.
"ჩინეთის ახლანდელი სტატუსისა და მსოფლიოში მისი გავლენის გათვალისწინებით, ნამდვილად უცნაურია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი 20 დღეზე მეტია საჯაროდ არ გამოჩენილა", - განაცხადა ქვეყნის კომუნისტური პარტიის გაზეთის ყოფილმა რედაქტორმა, რომელიც ახლა აშშ-ში ცხოვრობს.
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერმა ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ “ინფორმაცია არ აქვს” როდის დაუბრუნდება მინისტრი პოსტს და დასძინა, რომ “ქვეყნის დიპლომატიური საქმიანობა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება”.
ცინ განის გაუჩინარების სხვადასხვა მიზეზი სახელდება, სოციალურ მედიაში ასევე გავრცელა ჭორები იმაზე, რომ მისი გაუჩინარება პირად ცხოვრებას უკავშირდება. კერძოდ, მის ურთიერთობას ცნობილ ტელეწამყვანთან.