მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სად დამონტაჟდება დამატებითი „ტურნიკეტები“ - მერია მომსახურებას გამარტივებული გზით ყიდულობს

638e3fce0c51c
ნინო ტაბატაძე
06.12.22 16:00
7661
გაზრდილი მგზავრთნაკადის სწრაფად გატარებისთვის მეტროსადგურებში: "ვარკეთილი“, „ახმეტელის თეატრი“ და „დიდუბე“ ახალი, ვიწრო ტურნიკეტები დამონტაჟება.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მოთხოვნილი გამარტივებული შესყიდვის ღირებულება 320 367 ევროა.

შესყიდვების სააგენტოში წარდგენილ დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ დღეისთვის მეტროსადგურ „ვარკეთილსა“ და სადგურ „ახმეტელის თეატრში“ არის 7-7 გასასვლელი. ცალკეული გასასვლელის მაქსიმალური გამტარუნარიანობა შეადგენს სთ-ში 900 მგზავრს, ამგვარად თითოეული სადგური დროის იმავე პერიოდში ემსახურება არაუმეტეს 6300 მგზავრს.

შექმნილი შეფერხებების გამო, იგეგმება ,,ასპ“-ბის სიგანის შემცირება 6,5 სმ-ით და მათი გადანაცვლება ესკალატორისაკენ 1,5-2 მ-ით, რაც შესაძლებელს გახდის დამატებით 2-2 გასასვლელის მოწყობას. ეს კი საათში თითოეული სადგურის გამტარუნარიანობას გაზრდის 1800 მგზავრით ანუ დაახლოებით 30%-ით.
ამასთან ერთად სადგურ „ვარკეთილზე“ 60 სმ-ით გაგანიერდება ამოსასვლელი სივრცე მგზავრთათვის.

რაც შეეხება დიდუბეს, აქაც დამონტაჟდება ახალი ტიპის გასასვლელები.

"ასპ-ბის სიგანის შემცირება მოგვცემს საშუალებას ერთის მხრივ შევინარჩუნოთ გასასვლელების რაოდენობა და მეორეს მხრივ მოვახდინოთ მათი განლაგება ერთ ხაზზე რათა გავზარდოთ სივრცე მგზავრთა მობილობისათვის. მგზავრთათვის დამატებითი გასასვლელების მოსაწყობად, "ასპ“-ბის სათანადო რეზერვის შესაქმნელად და ვესტიბიულებში არსებული სივრცეების ოპტიმიზაციისათვის სადგურებში: „ვარკეთილი“, "ახმეტელის თეატრი“ და "დიდუბე“ საჭიროა 35 ერთეული 23,5-სმ სიგანის კორპუსის მქონე ,,ასპ“-ს შეძენა. აღნიშნულ სადგურებზე გამოთავისუფლებული "ასპ“-ბის რესურსი კი მიზანშეწონილია მიმართულ იქნას სადგურ "ისანსა და "სადგურის მოედანი 2“-ზე დარჩენილი ძველი ტიპის "ასპ“-ბის ჩასანაცვლებლად“, - აღნიშნულია დოკუმენტაციაში.

დოკუმენტაციაში ასევე განმარტებულია, რომ „კომპანიას ესაჭიროება არასტანდარტული გაბარიტების მქონე ავტომატური საკონტროლო პუნქტის შესყიდვა (თანმდევი მომსახურებით), რომლის წარმოება და მოწოდება საჭიროებს ხანგრძლივ დროს. ასევე აღსანიშნავია, რომ „მს+“ ვერ უზრუნველყოფს საკონტროლო პუნქტების მოწოდებას, ხოლო შესყიდვის ობიექტის მცირე მოცულობიდან გამომდინარე, ბაზარზე არ შეინიშნება დაინტერესება. ამასთანავე, სატენდერო და საკონკურსო პროცედურების განხორციელება, გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმება კიდევ უფრო გაახანგრძლივებს პროცედურებს, მაშინ როცა აუცილებელია გაზრდილი მგზავრთნაკადის პირობებში უმოკლეს ვადაში გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები მგზავრების კომფორტული გადაადგილების უზრუნველსაყოფად, რათა არ მოხდეს დედაქალაქის მოსახლეობისთვის მეტად მნიშვნელოვანი, ეკოლოგიურად სუფთა საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეფერხება“.

თბილისის მერია მეტროსადგურებში გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურებისთვის მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროექტების განხორციელება აანონსებს. მოკლევადიანი პროექტი მოიცავს ტურნიკეტების რაოდენობის გაზრდას, მეორე - გრძელვადიანი პროექტი ეს არის ახმეტელის მეტროს მეორე ჩასასვლელ-ამოსასვლელის პროექტის განხორციელება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები