მერსისაიდული “ლივერპულის” ეგვიპტელ შემტევს, მოჰამედ სალაჰს მიმდინარე წლის ივნისში კონტრაქტი უმთავრდება და მისივე თქმით მხარეები კონტრაქტის გახანგრძლივებისგან უფრო შორს არიან, ვიდრე ერთმანეთთან დაშორებისგან.
Sky Sports-თან ინტერვიუში სალაჰმა განაცხადა, რომ ინგლისის პრემიერ ლიგის მოგება და ასე დაშორება მისთვის უფრო პრიორიტეტულია ვიდრე ჩემპიონთა ლიგის თასით დამშვიდობება:
“2020 წელს, როდესაც 30 წლიანი პაუზის შემდეგ პირველად მოვიგეთ ინგლისის ჩემპიონატი, კოვიდ პანდემიის გამო გულშემატკივრებთან ერთად შესაფერისად ვერ აღვნიშნეთ. აქედან გამომდინარე წლევანდელ ჩემპიონატის მოგებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ, რადგან ლივერპულის “წითელ” მხარეს უდიდეს სიხარულს მოვუტანთ”, - განაცხადა მოჰამედ სალაჰმა.
შექმნილი სიტუაციის მიუხედავად, არ არის გამორიცხული მხარეები შეთანხმებამდეც მივიდნენ, მაგრამ ამჟამინდელი მდგომარეობით ეს მოცემულობა რთულად წარმოსადგენია.
სალაჰის მდგომარეობას გამოეხმაურა მისი ყოფილი მწვრთნელი და ამჟამად “რედ ბულის” გლობალური ფეხბურთის ხელმძღვანელი იურგენ კლოპიც, რომელმაც ეგვიპტელის გუნდში დარჩენასთან დაკავშირებით იმედი გამოთქვა:
“ის უკანასკნელი მრავალი წლის მანძილზე საუკეთესო თავდამსხმელია ვინც კი “ლივერპულს” ჰყოლია. განსაკუთრებული პიროვნება და ათლეტია, საუკეთესო ელჩი საკუთარი ქვეყნის, რომელსაც კიდევ ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლია კლუბისთვის. ვიმედოვნებ, რომ ადგილსამყოფელს არ შეიცვლის” - აცხადებს იურგენ კლოპი.
Sky Sports-ის ინფორმაციით 32 წლის ფორვარდს შემოთავაზებები საუდის არაბეთის პრო ლიგიდან აქვს, კერძოდ მისი დამატებით "ალ იტიჰადი", "ალ ნასრი", "ალ ჰილალი" და "ალ აჰლი" ინტერესდებიან. თავად “ეგვიპტელ მეფეს” ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ აქვს თუ რომელ კლუბს დაუკავშირებს საკუთარ მომავალს.
ცნობისთვის, სალაჰის გარდა მერსისაიდელებთან ხელშეკრულება უმთავრდებათ ვირჯილ ვან დეიკსა და ტრენტ ალექსანდერ არნოლდსაც, რომლებისგანაც კლუბის დატოვება ასევე მოსალოდნელია.




























