საქართველოს მთავრობა ქალაქ სტეფანწმინდის შემოვლითი გზის მშენებლობას გეგმავს - ამის შესახებ მთავრობის მიერ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის პორტალზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა. გზის სიგრძე 4.1 კილომეტრს შეადგენს და ის ჩრდილოეთით სტეფანწმინდა ლარსის ახალ 4.5-კილომეტრიან ახალ მაგისტრალს დაუკავშირდება, რომელიც რუსეთის ფედერაციის საზღვართან დასრულდება.
ახალი გზის შესახებ საჯარო განხილვა დაგეგმილია 14 აგვისტოს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, ასევე პროექტთან დაკავშირებით საინჟინრო და გზშ საკითხებზე შენიშვნების დაფიქსირება 2025 წლის 1 სექტემბრამდე იქნება შესაძლებელი.
წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, სტეფანწმინდის შემოვლითი გზა სოფელ ფანშეტთან დაიწყება და სოფელ გერგეტის ჩრდილოეთით, მდინარე ჩხრესთან დასრულდება. გზის მოქმედი მონაკვეთი უშუალოდ სტეფანწმინდას კვეთს, ახალი გზა კი მდინარე თერგის მარცხენა სანაპიროსთან გადაინაცვლებს, ხოლო სოფელ გერგეტის მიმდებარედ ესტაკადაზე გადაინაცვლებს, რომლის სიგრძეც 736 მეტრი იქნება.
ახალი გზის პროექტთან დაკავშირებით ტენდერი მას შემდეგ გამოცხადდება, რაც პროექტთან დაკავშირებით გზშ ანგარიში დამტკიცდება, შესაბამისად ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი მილიონი ლარი იქნება აღნიშნული გზის მონაკვეთის მშენებლობის სავარაუდო ღირებულება.
გზის პარამეტრები ასეთია:
- საპროექტო სიჩქარე - 80 კმ/სთ;
- სამოძრაო ზოლების რაოდენობა - 2;
- სავალი ნაწილის სიგანე – 7.0 მ;
- სამოძრაო ზოლის სიგანე – 3.5 მ.
4.13-კილომეტრიანი გზა სამი ხიდის/ესტაკადის მშენებლობას ითვალისწინებს, რომელთა სიგრძეც 269; 736 და 106 მეტრი იქნება.
გზის პროექტი:

რაც შეეხება სტეფანწმინდა ლარის 4.5-კილომეტრიან ახალ საგზაო მონაკვეთს, მასზე 212 მილიონი ლარის ღირებულების სამშენებლო კონტრაქტი 2024 წლის ოქტომბერში, ჩინურ სახელმწიფო კომპანია China Railway Tunnel Group Co-სთან გაფორმდა.




























