23 ივლისიდან რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი იწყება, რის გამოც ქალაქის მთავარი გამზირი ოთხი თვით საავტომობილო მოძრაობისთვის გადაიკეტება. პროექტის პრეზენტაციისას თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ გამზირის რეაბილიტაციის შემდეგ ის ქვეითების გადაადგილებისთვის უფრო კომფორტული გახდება და მოეწყობა მიწისზედა გადასასვლელები, რეაბილიტირდება მიწისქვეშა გადასასვლელები, ასევე ყურადღება დაეთმობა გამწვანებას და იერსახის გაუმჯობესებას.
BMG-მ თბილისის მერიის პრესსამსახურს მიმართა კითხვით თუ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი გამზირის რეაბილიტაციის საბოლოო პროექტი თუმცა, როგორც მერიაში განმარტავენ დეტალურ პროექტს უახლოეს პერიოდში გაასაჯაროებენ. თავად მერიის მიერ მომზადებულ ვიზუალურ მასალაში კი ჩანს, რომ მიწისზედა გადასასვლელის მოწყობა სასტუმრო ტელეგრაფსა და სავაჭრო ცენტრ მერანს შორის იგეგმება, თუმცა როგორც მერიაში განმარტავენ საბოლოო პროექტი ცნობილი უახლოეს მომავალში გახდება.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ პროექტის ძირითადი მიზნები გუშინ ასე წარადგინა:
„არეალი მოიცავს თამარ ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ ტერიტორიას, სულ ორ კილომეტრამდე გზის სავალ ნაწილს. პროექტის პირველ ეტაპზე განხორციელდება მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელების განახლება - შეიცვლება წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გაზმომარაგების ცენტრალური სისტემები. ასევე, საჰაერო სადენები განთავსდება მიწისქვეშა საკაბელო არხებში. დამონტაჟდება მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნებიც. ამასთანავე, მოეწყობა თანამედროვე საგზაო ინფრასტრუქტურა, განახლდება გზის სავალი ნაწილი და ტროტუარი, დაიგება ასფალტის საფარი. სრულად შეიცვლება გარე განათების ქსელი და დამონტაჟდება თანამედროვე LED განათების სისტემა.
განახლდება არსებული მწვანე სივრცეები და დაირგვება ხე-მცენარეები, რაც რუსთაველის გამზირს კიდევ უფრო მიმზიდველ და ეკოლოგიურად გაუმჯობესებულ გარემოდ აქცევს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებასა და კომფორტს - მოეწყობა მიწისზედა ქვეითთა გადასასვლელები, დამონტაჟდება საგზაო ნიშნები და დაიხაზება ჰორიზონტალური მონიშვნები. გამზირის ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული 20 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერებში გამარჯვებული მიმდინარე თვის დასაწყისში გამოვლინდა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სისტემაში გამოქვეყნებული დოკუმენტაციის თანახმად, სატენდერო კომისიამ ტენდერებში გამარჯვებულად ერთადერთი მონაწილე კომპანია შპს "სმარტ სოლუშენსი" გამოავლინა.
პროექტი სამ ლოტად დაიყო:
- ბესიკის ქუჩიდან - თავისუფლების მოედნამდე: სავარაუდო ფასი – 7,981,840 ლარი, შპს "სმარტ სოლუშენის" მიერ წარდგენილი ფასი 7,921,830 ლარი;
- სავაჭრო ცენტრ „მერანიდან“ - ბესიკის ქუჩამდე: სავარაუდო ფასი – 5,842,569 ლარი, შპს "სმარტ სოლუშენის" მიერ წარდგენილი ფასი 5,781,000 ლარი;
- თ. ჭოველიძის ქუჩიდან - „მერანამდე“: სავარაუდო ფასი – 6,130,241 ლარი, შპს "სმარტ სოლუშენის" მიერ წარდგენილი ფასი 6,070,152 ლარი.
- ჯამი: სავარაუდო ფასი – 19,954,650 ლარი, შპს "სმარტ სოლუშენის" ფასი ჯამურად 19,772,982 ლარი.
ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, კომპანია "სმარტ სოლუშენსი" ბიზნესმენ ლევან გოგსაძის საკუთრებაშია და ის 2015 წელს არის დაფუძნებული. კომპანიის დირექტორის თანამდებობას ლევან გოგსაძე და გურამ კეკუა იკავებენ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სისტემის თანახმად, კომპანია თეთრ სიაშია და მას რამდენიმე პროექტი აქვს განხორციელებული.




























