კომპანია “სტუმარი”, რომელიც 2017 წელს დაარსდა, მომხმარებელს უალკოჰოლო სასმელს - საფერავის ყურძნისგან დამზადებულ, ღვინის ჩაის სთავაზობს.
“2017 წლიდან მოყოლებული 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა პროდუქტის ლაბორატორიულად დამუშავება და მომზადება. 2021 წლამდე, ,,ღვინის ჩაიმ“ გაიარა წარმოების ყველა საჭირო ტექნიკური ეტაპი, ჩატარდა 150-ზე მეტი ლაბორატორიული კვლევა და პროდუქტი წარმოგვიდგა საბოლოო სახით. ღვინის ჩაის შემცველობაში შედის ღვინო, ყურძნის კანი და წიპწა,”, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი გიორგი ბუკია და დასძენს, რომ ღვინის ჩაი ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა.
ამასთან, კომპანიის დამფუძნებელმა BMG-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ “სტუმარისთვის” ექსპორტის მიმართულება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს.
“ჩვენთვის ექსპორტის მიმართულება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ექსპორტზე პროდუქტის გატანა ბევრ ტექნიკურ, იურიდიულ თუ ლოგისტიკურ საკითხთან არის დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, ვცდილობთ ვკონცენტრირდეთ რესურსების სწორად განაწილებაზე და ეტაპობრივად ავითვისოთ ახალი ბაზრები. არსებული მდგომარეობით კი პროდუქტის ექსპორტს ვახდენთ ჩინეთში, ამასთანავე იაპონიაში გაგზავნილია სატესტო ნიმუშები და მიმდინარეობს საბოლოო მოლაპარაკებები”, - დასძინა მან.
ბუკიას თქმით, კომპანიას ექსპორტის კუთხით სტრატეგიული მიდგომა გააჩნია, რომელიც რამდენიმე ეტაპს მოიცავს.
სამომავლო გეგმებზე საუბრისას დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ იგეგმება მომხმარებელთან ურთიერთობის გააქტიურება, საწარმოს სარემონტო სამუშაოების დასრულება და არსებული ქსელის ზრდა.
"კომპანია ,,სტუმარი“ აქტიურად მუშაობს რამდენიმე ძირითადი მიმართულებით, რაც მოიცავს შემდეგს: მომხმარებელთან ურთიერთობის გააქტიურება, საწარმოს სარემონტო სამუშაოების დასრულება, დამატებითი მანქანა დანადგარების შესყიდვა, არსებული ქსელის განვითარება/ზრდა და ასორტიმენტის მრავალფეროვნებაზე მუშაობა, პარალელურად კომპანიამ დაიწყო ,,ღვინის ჩაის“ შეტანა სხვადასხვა ბრენდულ ჰიპერმარკეტებში თუ ჰორეკა (სასტუმროები, რესტორნები, კაფეები) ობიექტებში. მომხმარებლის მხრიდან დაინტერესება ძალიან მაღალია და კომპანია აქტიური გაყიდვების ეტაპზე გადადის”, - აღნიშნა მან.
ცნობისთვის: “სტუმარი” 1,2 მლნ ლარის ინვესტიციით შეიქმნა და მისი საწარმო კახეთის რეგიონში მდებარეობს. კომპანია საჭირო ნედლეულს სხვადასხვა მცირე მარნებისა თუ მწარმოებლებისგან და ფერმერებისგან იღებს. პროდუქციის შეძენა შესაძლებელია მაღაზიების ქსელ “გუდვილში”, “ბადაგში”, “8000 მოსავალში”, “რადისონ ქოლექშენში”, “ეროპროდუქტში”, Dunkin Donuts-ში, Duty Free Georgia-ში და სხვა.