მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სადაც ელექტროენერგიის გადასახადს არ ვიხდით, იქ მაინინგი უნდა აიკრძალოს - მესტიის მერი

61cc6b81d2daf
დავით ჯალაღონია
29.12.21 18:55
3165
დაბა მესტიას ელექტროენერგია დღესაც არასტაბილურად მიეწოდება. ამის შესახებ BMG-სთან მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ჟორჟოლიანმა ისაუბრა.

მისი განმარტებით, დენის დათიშვის მიზეზი ისევ მაინინგის ანუ კრიპტოვალუტების წარმოების მზარდი პროცესია. სწორედ ამ მიზეზის გამო, ელექტროენერგია მესტიაში რამდენიმე დღის წინ ავარიულად გაითიშა. ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე "ენერგო-პრო ჯორჯიასგან" ცნობილია, რომ მაინინგით მოსახლეობის გარკვეული ნაწილია დაკავებული, რაც საყოფაცხოვრებო მიზნებზე მეტ ელექტროენერგიას მოითხოვს, შედეგად კი ტურისტები და მოსახლეობა დენის გარეშე რჩება.

"ელექტროენერგიის მიწოდება მეორე კვირაა, რაც აღდგენილია, მაგრამ გაზრდილია მოხმარება და ვერ უძლებს დატვირთვას და ამიტომ დაბა მესტიაში ქვესადგურები ითიშება; როცა დატვირთვა იზრდება, მაშინ ითიშება და შემდეგ რომელიმე უბნის გამორთვა ხდება; სადაც ყველაზე მეტი დატვირთვაა, ის უბნები ითიშება. ამ საათის მონაცემებით ასეა, რასაც ვლაპარაკობ", - განაცხადა კახა ჟორჟოლიანმა.

კითხვაზე - სად არის გამოსავალი, პასუხად მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა განაცხადა, რომ სვანეთში კრიპტოვალუტების წარმოება უნდა აიკრძალოს.

"სადაც გადასახადს (ელექტროენერგიის) არ ვიხდით, იქ უნდა აიკრძალოს მაინინგი, რომ მოსახლეობას შუქი ჰქონდეს და განვითარების საშუალება ჰქონდეს", - აღნიშნა მან.

კრიპროვალუტების წარმოება და ამ მიზეზით ელექტროენერგიის შეწყვეტის პრობლემა, მესტიაში უკვე რამდენიმე წელია დგას. ამის საფუძველი კი შეიძლება ითქვას, რომ სვანეთის ელექტროენერგიის უფასოდ მომარაგებაა. ჯერ კიდევ 90-იან წლებში მიღებული გადაწყვეტილებით, სვანეთის მოსახლეობა დენის გადასახადს არ იხდის. უფასო ელექტროენერგიით კრიპტოვალუტის წარმოებამ კი საბოლოოდ მესტია ელექტროენერგიის გარეშე დატოვა.

ამ გარემოების შეფასებისას კახა ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ უფასო დენი მოსახლეობის სვანეთში შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანი ბერკეტია, თუმცა თუ მაინინგის კონტროლი ვერ მოხერხდა, ელექტროენერგიის გადასახადის შემოღებაც შეიძლება გახდეს საჭირო.

"ჩვენთან არც გაზია და არც არაფერი. ყველაფერი დენზეა გადასული და სიმართლე თუ გინდათ, ამ უფასო დენმა შეინარჩუნა მაღალი მთა და სვანეთი არ დაიცალა. ეს იყო პირველი გადამრჩენელი სვანეთის, რომ ჩვენ გვქონდა უფასო შუქი. ჩვენ თუ ასე გავაგრძელეთ მოხმარება, მაშინ იმ დონეზე მივალთ, რომ გადასახადიც დაწესდება", - განაცხადა ჟორჟოლიანმა და დასძინა, რომ "მაინერების გამორთვაშია ერთადერთი გამოსავალი".

დაბა მესტიაში ელექტროენერგიის შეწყვეტის მიზეზებთან დაკაშირებით "ენერგო-პრო ჯორჯიას" ჰოლდინგის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ მიხეილ ბოცვაძემ გუშინ განცხადება გაავრცელა.

მისი განმარტებით, მესტიის მკვებავი მაღალი ძაბვის ხაზები სრულად აღდგენილია ამ ეტაპზე, მესტიისთვის ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია ფიქსირებული სქემით, მაღალი ძაბვის ორივე ხაზი ჩართულია.

"კიდევ ერთხელ მოგვიწია მეტად სარისკო და მძიმე გადაწყვეტილებების მიღება. ტექნიკურმა ჯგუფებმა მოკლე დროში, წარმატებით შეასრულეს ურთულესი დავალება. ვერტმფრენის თუ სხვა სპეცტექნიკის საშუალებით მოახდინეს ავარიის ადგილის იდენტიფიცირება და შემდგომ უზრუნველჰყვეს მისი აღდგენა. ყველა ასეთი ღინისძიება გადის ჩვენი თანამშრომლების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ზღვარზე, რისთვისაც მადლობა ყველა ამ თავგანწირულ პროფესიონალს. თუმცა, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება", - განაცხადა "ენერგო-პრო ჯორჯიას" ჰოლდინგის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ მიხეილ ბოცვაძემ.

ბოცვაძის თქმით, მესტიაში არსებული მდგომარეობა სერიოზულ ყურადღებას იმსახურებს.

"ვერანაირი ქსელი ვერ გაუძლებს ელექტროენერგიის იმ მომხარებას რაც იქ ფიქსირდება. გარდაუვალია ავარიების განმეორება, შესაბამისად "ენერგო-პრო ჯორჯია" სრულად იხსნის პასუხისმგებლობას მესტიაში არსებულ მდგომარეობაზე, ჩვენი ანალიზით, მოსახლეობის მოხმარებაც გარზრდილია, თუმცა, მთავარი მიზეზი მაინც უკანონოდ მიერთებული მაინერებია, რომელთა რიცხიც, ამ რთულ დღეებშიც იზრდება. მესტიის არსებული მოხმარება გაუტოლდა 2019 წლის დეკემბრის მოხმარებას, როდესაც 5 მილიონი ლარის მაინერი გავთიშეთ და ამოვიღეთ ადგილობრივ პოლიციასთან ერთად", - აცხადებენ "ენერგო-პრო ჯორჯიაში".

"მესტიაში არსებული უკანონო მაინინგი არის მავნებლობა მთელი ზემო სვანეთის წინააღმდეგ, ამის ორგანიზატორი მავნებლები აზარალებენ ადგილობრივ პატიოსან მომხმარებლებს და მთელს რეგიონს 2 მთავარი მიზეზის გამო: 1. მნიშვნელოვნად აზიანებენ ინფრასტრუქტურას, ეხლა უკვე შეიძლება ითქვას, რომ მის აღდგენას 4-5 წელი დასჭირდება; 2. აახლოებენ გადაწყვეტილებას, რომ მესტიის ყველა მომხმარებელმა დაიწყოს ელექტროენერგიის საფასურის გადახდა. არასდროს გვისაუბრია, თუმცა ეხლა ვაცხადებთ, რომ მესტიის მოსახლეობის უფასო მომარაგებას მრავალი წლის განმავლობაში უზრუნველყოფდა "ენერგო-პრო", 45 მილიონი ლარია დალექილი ამ რეგიონში და აბსურდულია მოსაზრება, რომ თითქოს მოსახლეობას ეკუთვნოდა ან ეკუთვნის ეფასო ელექტროენერგია. ამ ფონზე, რა თქმა უნდა მინიმუმ უხერხულია პერიოდული ადგილობრივი დამტაცებლების თუ მოსახლეობის მხრიდან ზეწოლა თუ მუქარა ჩვენს თანამშრომლებზე ავარიული თუ გეგმიური გათიშვების არსებობის შესახებ, აგრეთვე შემაშფოთებელია კატეგორიული მოთხოვნა რომ კომპანიამ შეუფერხებლად მოახდინოს ერთდროულად 10-15 რაინისთვის საჭირო ელექტროენერგიის მიწოდება და თან ყოველგარი შეფერხების გარეშე", - აღნიშნავს მიხეილ ბოცვაძე. კომპანიაში აცხადებენ, რომ ჩიხური მდგომარეობიდან გამოსავალი არსებობს.

"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ზემო სვანეთის ენერგოკრიზისი არის გადაწყვეტადი პრობლემა, გვაქვს კონკრეტული გეგმაც და გამოცდილებაც, რომ მომდევნო ზამთარს მესტია შეხვდეს უკანონო მაინინგის გარეშე", - განაცხადა ბოცვაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები