მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სადაც ჩვენს ექიმებს ხელშეწყობა აქვთ, ამერიკაში თუ ევროპაში, ყველგან წარმატებულები არიან - პრეზიდენტი

პრეზიდენტი

ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს უმასპინძლა, რომლებიც ხელმოწერების კამპანიას „ჩვენი ხმა ევროპას“ შეუერთდნენ.

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ჯანდაცვის სფეროში ევროპული სტანდარტები სჭირდება.

„თქვენი ხმა ევროპას“ - ეს არის ჩვენი ერთობლივი გზა, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია. სხვა პერსპექტივა არ გვაქვს და ამისი ახსნა ალბათ ყველაზე ნაკლებად თქვენთან მჭირდება. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები კარგად აცნობიერებენ თუ რამდენად სჭირდება ჩვენს ქვეყანას ევროპა და ევროპული სტანდარტები.

ევროპა არ არის მიუწვდომელი იდეალი, ალბათ, იქაც არის ამ სფეროში ძალიან ბევრი პრობლემა, მაგრამ არსებობს რაღაც მინიმალური სტანდარტები, რომელიც ყველასთვის უნდა გახდეს მინიმალური სტანდარტი. ჯანდაცვის უფლება არ უნდა იყოს მხოლოდ სიტყვა, არ უნდა იყოს მხოლოდ ფარატინა ქაღალდებზე დაწერილი, ეს უნდა გახდეს ჩვენს ქვეყანაში რეალობა.

ბევრი თქვენგანი შეიძლება სწავლობდა ევროპაში და დღესაც ბევრი სწავლობს. ბევრი მოღვაწეობს ევროპაში და საკმაოდ წარმატებული, კარგად ცნობილი და აღიარებულები არიან. ჩვენ მივდივართ ევროპისკენ, მაგრამ ევროპაც მოდის ჩვენკენ გარკვეულწილად. ჩვენი მიღწევა "კოვიდთან" ბრძოლასა და გამკლავებაში იყო შემჩნეული. ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი ქვეყანა, რომლის ჯანდაცვის სისტემამ გაუძლო "კოვიდის" გამოწვევას და ამას უნდა ვუმადლოდეთ იმ წარმატებულ ადამიანებს, რომლებმაც მართეს კოვიდ პანდემია. ჩვენი ჯანდაცვის სისტემა იდეალური ნამდვილად არ არის, მაგრამ შევძელით ეს და ამით დავიმსახურეთ ერთგვარი პატივისცემა სხვადასხვა ევროპულ სფეროებში.

ჯანდაცვაში არ შეიძლება, რომ საქართველო, მედეას ქვეყანა ბოლოს და ბოლოს, იყოს რომელიმე დარგში ჩამორჩენილი და პირიქით, არ იყოს წამყვანი. ჩვენ ვხედავთ, რომ სადაც ხელშეწყობა აქვთ ჩვენს ექიმებს, ყველგან ყველა ქვეყანაში, ამერიკაში თუ ევროპაში აქვთ ძალიან დიდი წარმატებები“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის: ხელმოწერების კამპანია 8 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო და საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოთხოვნით ევროკავშირის ლიდერებისადმი მიმართვას ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები