ფინანსთა მინისტრის 2023 წლის ბიუჯეტის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს უწყებამ ₾3 მლნ-ზე მეტი ღირებულების 655 868 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი ამოიღო.
„რა რაოდენობის კონტრაბანდული სიგარეტი შემოდის საქართველოში, თუ კი თქვენ გასულ წელს 3 მლნ ლარის საქონელი ჩამოართვით?“ - ამ კითხვით ლაშა ხუციშვილს პარლამენტში გამოსვლისას დეპუტატმა რომან გოცირიძემ მიმართა, რაზეც მინისტრმა უპასუხა, რომ სადაც აქციზის მაღალი განაკვეთია, იქ არალეგალური ვაჭრობის რისკიც მაღალია.
„ზოგადად, სადაც აქციზის მაღალი განაკვეთი არსებობს, როდესაც მეზობელ ქვეყნებში აქციზის გაცილებით დაბალი განაკვეთია და სიგარეტის ფასიც გაცილებით დაბალია. ასეთ დროს არალეგალური ვაჭრობის რისკი მაღალია, საქართველო აქ განსაკუთრებულ მდგომარეობაში არ არის. თუ ევროკავშირის ქვეყნებს ავიღებთ, იქ უაქციზო სიგარეტის გამოვლენის და არსებობის მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მდგომარეობა არ უნდა გავაუმჯობესოთ. ამ მიმართულებით ჩვენ ყოველწლიურად ტექნოლოგიურ სიახლეებსაც ვგეგმავთ, რომ ეს მაჩვენებელი გაუმჯობესდეს, რომ უფრო მეტი თანხის მობილიზება განხორციელდეს ბიუჯეტში. ამ მიმართულებით სხვა გამოწვევებიც არსებობს, არის ოკუპირებული ტერიტორიები, სადაც ჩვენი მთავრობის მოქმედება შეზღუდულია და ეს დამატებითი რისკფაქტორია. არალეგალური საქონელთან ბრძოლაა ჩვენი ფუნქცია“, - განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ გასულ წელს კონტრაბანდული თამბაქოს გამოვლენის მაჩვენებლის ზრდა, ადმინისტრირების გაუმჯობესების შედეგია.




























