2023 წლის საპროგნოზო მონაცემებით, სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა პრემიამ 1,050 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ამავე პერიოდის მონაცემზე 15%–ით მეტია. როგორც ბაზრის მიმოხილვაშია აღნიშნული, ზრდა განპირობებულია სამედიცინო დაზღვევის, ავტოდაზღვევისა და სიცოცხლის დაზღვევის სახეობებში მოზიდული პრემიის მნიშვნელოვანი ზრდით.
გასული წლის სტატისტიკით, ანაზღაურებული ზარალები 630 მლნ ლარს შეადგენს და 27%–ითაა გაზრდილი. ნეტო ანაზღაურებულმა ზარალმა კი 445 მლნ ლარი შეადგინა, რაც 20%-ით მეტია წინა წლის მონაცემზე.
„კომპანიების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 250 მლნ ლარი და გაზრდილია 19%–ით. წმინდა მოგება მიმდინარე წლის მონაცემებით, შეადგენს 70 მლნ ლარს და წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით გაზრდილია 79%-ით. წმინდა მოგების მნიშვნელოვანი ზრდა, განპირობებულია სადაზღვევო მოგების მნიშვნელოვანი ზრდით, საინვესტიციო საქმიანობიდან შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდით და უცხოური ვალუტის კურსთაშორისი სხვაობიდან მიღებული შემოსავლების ზრდით“, - აღნიშნულია სადაზღვევო ბაზრის მიმოხილვაში.
აღსანიშნია, რომ 31 დეკემბრის მდგომარეობით, სადაზღვევო კომპანიების აქტივები შეადგენს 1 310 მლნ. ლარს, რაც 18%–ით მეტია წინა წლის ამავე თარიღის მონაცემთან შედარებით, ხოლო კაპიტალი გაზრდილია 11%–ით და შეადგენს 380 მლნ. ლარს.
ცნობისთვის, 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ქვეყანაში რეგისტრირებულია 18 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიებს ფლობენ.