დაზღვევის კავშირის აღმასრულებელი მდივნის ლაშა ნიკოლაძის შეფასებით, საქართველოს კაპიტალის მიერ სადაზღვევო კომპანია „არდიში“ ინვესტირებით, დაზღვევის ბაზარზე საბანკო-სადაზღვევო კომპანიების კონცენტრაცია გაიზარდა. ამის შესახებ მან „საქმიან დილაში“ განაცხადა.
გაერთიანების აღმასრულებელი ხელმძღვანელი იმასაც აღნიშნავს, რომ საბანკო სექტორისგან დამოუკიდებელი სადაზღვევო კომპანიების მოგებიანობა, საბანკო-სადაზღვევო კომპანიებთან შედარებით მნიშვნელოვნად მცირე ან ნულოვანია.
„ბოლო წლებში კომპანიის [არდის] შედეგებს შევხედავთ, მოგების დაგენერირების ნაწილში გარკვეული გადაუჭრელი პრობლემები ჰქონდა, რამაც ის გამოიწვია, რომ საქართველოს ბანკის ჯგუფისთვის ეს კომპანია არც პირველი და არც მეორეა. შესაბამისად, კონცენტრაცია ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, მომატებულია. ეს ხაზს უსვამს იმას, რომ საკითხი კიდევ უფრო გაღრმავდა. როდესაც გარკვეული დაზღვევის 90% კონკრეტული საბანკო-სადაზღვევო კომპანიების მხრიდანაა დაგენერირებული, გარკვეული სადაზღვევო პროდუქტების მიმართ მნიშვნელოვანი კონცენტრაცია უბრალოდ სახეზეა. ბოლო 3 წლის მოგებასაც თუ შევხედავთ, ძირითადად მოგება საბანკო-სადაზღვევო კომპანიებს აქვთ დაგენერირებული. მხოლოდ საბანკო-სადაზღვევო კომპანიების მოგება იყო დადებითი, დანარჩენების კი უარყოფითი, ნული, ან ძალიან მცირე“, - აცხადებს ლაშა ნიკოლაძე და დასძენს, რომ ამ მიმართულებით შესაბამისი ინსტანციების გააქტიურება იქნება საჭირო. „ჩვენ კი შევეცდებით ვიპოვოთ ის ოქროს შუალედი და გამოსავალი, რომელიც აღნიშნულ საკითხს დაარეგულირებს“, - ამბობს დაზღვევის კავშირის აღმასრულებელი მდივანი.
მისი ინფორმაციით, საქართველოში საბანკო სექტორი სადაზღვეოს მოგებიანობით ასტრონომიული რიცხვებით უსწრებს, რაც სხვა ქვეყნების შემთხვევაში პრაქტიკულად ასე არ არის.
დაზღვევის კავშირის აღმასრულებელი მდივანი ბაზარზე საბანკო-სადაზღვევო კომპანიების კონცენტრაციის შესახებ კონკურენციის სააგენტოს მონიტორინგის შედეგებსა და რეკომენდაციებსაც იხსენებს, რომელიც დაზღვევის კავშირის მიმართვის საფუძველზე ჩატარდა.
"მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ბაზარზე არსებული 15 კომერციული ბანკიდან 10 საკრედიტოსთან ერთად მომხმარებელს სადაზღვევო პროდუქტებს სთავაზობს. რომელთაგან 2 უმსხვილესი კომერციული ბანკის საერთო საბაზრო წილი განსახილველ პერიოდში იყო სტაბილურად მაღალი და ინდივიდუალურ დონეზე გააჩნდა სტაბილური პროცენტული მაჩვენებელი. ამასთან, 1 ეკონომიკური აგენტის შემთხვევაში საბაზრო წილი 40%-ს აღემატება და შესაბამისად სახეზეა დომინანტური მდგომარეობა, ხოლო დამატებით 1 ეკონომიკური აგენტის საბაზრო წილი გადის დომინანტური მდგომარეობის ზღვარზე", - ამბობს ის.
ლაშა ნიკოლაძე აცხადებს, რომ კონკურენციის სააგენტოს მიერ მონიტორინგის შედეგებთან ერთად წარმოდგენილი რეკომენდაციები შესაბამისმა უწყებებმა წელს აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ.
„რეკომენდაციებიდან 3 ძირითადი მიმართულებაა, რომელმაც წელს რელევანტურად უნდა გაითვალისწინონ არიან პარლამენტი, ეროვნული ბანკი და დაზღვევის რეგულატორი. ისეთი საიმიჯო და წარმატებული კომპანიამ, როგორიც „არდი“ იყო, ვერ შეძლო თავის დაღწევა იმისგან, რომ საბოლოო ჯამში ერთ-ერთი ბანკის ხელში აღმოჩნდა“, - აცხადებს ნიკოლაძე.