მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“საქართველოში ადამიანი დაზღვევაზე საშუალოდ €97-ს, ევროპაში კი €2093-ს ხარჯავს” - ზრდის რა პოტენციალი აქვს სექტორს?

ნიკოლაძე

გასულ წელს სადაზღვევო სექტორის შემოსავალმა 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა. წელს გაცილებით ოპტიმისტური მოლოდინები აქვს ზედამხედველს. დაზღვევის ზედამხედველი ფიქრობს, რომ წელს სექტორის შემოსავლები ანუ მოზიდული პრემია პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 1,3 მილიარდ ლარს მიაღწევს.

ამ დროისთვის, სადაზღვევო კომპანიების მხოლოდ 2024 წლის პირველი ნახევრის ფინანსური მაჩვენებლებია ხელმისაწვდომი. წლის პირველი ნახევარი სადაზღვევო ინდუსტრიამ გაზრდილი მოგებით დახურა.

6 თვეში 19-მა სადაზღვევო კომპანიამ ჯამში ₾145 მლნ-ის სადაზღვევო მოგება მიიღო, ხოლო წმინდა მოგებამ ₾67 მლნ შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის შედეგს (₾34 მლნ) 2-ჯერ აჭარბებს. კომპანიებმა პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 712 მილიონი ლარის სადაზღვევო პრემია მოიზიდეს, რაც წლიურად 121 მილიონი ლარით გაზრდილი მაჩვენებელია.

სექტორის შემოსავლების დაგენერირება ძირითადად ჯანმრთელობის დაზღვევის სახეობიდან ხდება. 2024 წლის 6 თვის მონაცემებით, ამ მიმართულებით 735 061 მოქმედი პოლისია და საქართველოს მოსახლეობის 20% სარგებლობს სამედიცინო დაზღვევით.

დაზღვევის კავშირის აღმასრულებელი მდივანი სხვადასხვა პარამეტრის ევროპულთან შედარებით ხსნის ზრდის რა პოტენციალი აქვს საქართველოს სადაზღვევო სექტორს.

“კარგი იქნება ჩვენ შევედაროთ არა ჩვენს თავს, არამედ ყველაზე მოწინავეებს, რომ დაახლოებით ვიცოდეთ სად ვართ. მე მხოლოდ ორი ძირითადი პარამეტრი მინდა განვიხილო, რომელიც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ვიცოდეთ ჩვენი სადაზღვევო შემოსავლები რომელ კლასტერშია, რა ზრდის ტენდენციაა, როგორი შეიძლება იყოს ინვესტორული დაინტერესება. თუ ეს ბაზარი მაღალპოტენციურია, მაშინ ინვესტორებიც გამოჩნდებიან.

პირველი, რაზედაც მინდა ყურადღება გავამახვილო, ეს არის ე.წ სადაზღვევო მოცვის/სადაზღვევო შეღწევადობის პარამეტრი, რომელიც გულისხმობს, სადაზღვევო მოზიდვის ფარდობას მთლიან შიდა პროდუქტთან. ეს პარამეტრი რომ შევადაროთ ევროპულ პარამეტრს, 2023 წლის შედეგს თუ გავითვალისწინებთ, მილიარდზე მეტი იყო პრემიის მოზიდვა, ეს პარამეტრი მშპ-სთან შეფარდებით არის 1,35%. თუ ამ მაჩვენებელს შევადარებ საშუალო ევროპულ მაჩვენებელს, ევროპული პარამეტრი არის 7,43%. თუ გავითვალისწინებთ მათი მშპ რამდენია, მასთან ამხელა პროცენტის მისადაგება გვაჩვენებს, რამხელა პოტენციალი აქვს დაზღვევას.

მეორე პარამეტრი ეს არის ე.წ სადაზღვევო სიმჭიდროვე, ანუ ერთი ადამიანის სადაზღვევო გასაშუალოებული დანახარჯი წლის განმავლობაში. ქართული საშუალო პარამეტრი გახლავთ 97 ევრო წლის განმავლობაში, ევროპაში ეს პარამეტრი არის 2093 ევრო”,-განაცხადა გადაცემა რედაქტ2-ში ლაშა ნიკოლაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები