მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სადაზღვევოების წუხილს საფუძველი აქვს“ - როდის დასრულდება ბანკების მიერ სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზების ბაზრის მონიტორინგი?

ლექვინაძე

კონკურენციის სააგენტომ საბანკო დაწესებულებების მიერ საკრედიტო ურთიერთობების დროს სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზების/რეალიზების ბაზრის მონიტორინგი გასული წლის დეკემბერში დაიწყო.  აღნიშნული მონიტორინგი „დაზღვევის კავშირის“ მომართვისა და საქართველოს ეროვნული ბანკის 2022 წლის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშში წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო, სადაც აღნიშნული იყო, რომ ფინანსური ორგანიზაციების (ბანკების) მიერ სადაზღვევო ბაზარზე კონკურენციის შესაძლო შეზღუდვა კვლავ გამოწვევად რჩება.

ის, რომ თანაბარი კონკურენცია იზღუდება, ამაზე ცალკეული სადაზღვევო კომპანიებიც ღიად საუბრობენ. „მათ წუხილს საფუძველი აქვს“- აცხადებს „საქმის კურსთან“ ინტერვიუში კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე.

„ბაზრის მონიტორინგის დასკვნა მალე იქნება წარმოდგენილი. ყველა ინფორმაცია მიღებული გვაქვს, საბანკო თუ სადაზღვევო დაწესებულებებიდან, მონაცემებიც გაანალიზებულია და სურათიც მეტ-ნაკლებად დანახულია.

მათ [სადაზღვევო კომპანიების] წუხილს აქვს საფუძველი. არიან ბანკთან აფილირებული სადაზღვევო კომპანიები, სადაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია სადაზღვევო პოლისების გაყიდვების მიმართულებით. ფაქტობრივად იმ კონკრეტულ მიმართულებაში ბაზარი გახსნილი არ არის, ამიტომ მათ წუხილს საფუძველი აქვს, თუმცა ჩვენ დაველოდოთ საბოლოო დასკვნას, სადაც დეტალურად ვისაუბრებთ ამ მონიტორინგის შესაძლო გაგრძელების შესახებ.

როცა იღებთ სესხს დღევანდელი რეგულაციით, მინიმუმ დაზღვევის 3 არჩევანი უნდა შემოგთავაზონ, თუმცა როგორ სრულდება  ეს ნორმა და ამის ზემოთ საჭიროა თუ არა დამატებითი რაიმე ტიპის რეგულაციები ან საკანონმდებლო ცვლილებები, ამაზე გვექნება ჩვენ საუბარი. მათ შორის არიან ბანკები,  რომლებიც გამოდიან როგორც სადაზღვევო აგენტების სტატუსით. დასკვნაში გვექნება ყველაფერზე საუბარი“,-აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები