სადაზღვევოებს ერთმანეთთან კონკურენცია ფასით უწევთ, რაც ხარისხზეც აისახება, - ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში ქართლი სადაზღვევო ბაზრის გამოწვევებზე საუბრისას განაცხადა.
„ბაზისბანკის“ ჰოლდინგში შემავალი სადაზღვევო კომპანია „ბბ დაზღვევის“ გენერალური დირექტორის და დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსის კოტე სულამანიძის შეფასებით, „საქართველოში მოქმედ 18 სადაზღვევო კომპანიას ერთმანეთთან კონკურენცია სადაზღვევო პროდუქტების ფასით უწევთ, რაც ხარისხზეც აისახება“.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში ქართლი სადაზღვევო ბაზრის გამოწვევებზე საუბრისას განაცხადა.
საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურს 2023 წლის პირველი ნახევრის სტატისტიკა ჯერ არ გამოუქვენებია. 2022 წლის ანგარიშის თანახმად კი, 18-მა სადაზღვევო კომპანიამ წლიურად 910 მლნ ლარის პრემია მოიზიდა და ჯამურად, 39 მლნ ლარის მოგება დააგენერირა.
„შარშან კომპანიების 910 მლნ ლარის პრემიის მოზიდვით სადაზღვევო ინდუსტრია წინა წელთან შედარებით, 17.5%-ით გაიზარდა. მოზიდული პრემიის 41% ჯანმრთელობის დაზღვევაზე მოდიოდა. ტრენდს რომ დავაკვირდეთ, სადაზღვევო ბაზარი ყოველწლიურად იზრდება ქვეყნის მშპ-ის ზრდას დამატებული 7%-ით.
რაც შეეხება ბაზარზე არსებულ კონკურენციას, 18 კომპანია ისეთ სექტორში, რომელიც მშპ-ის მხოლოდ 1,8%-ს შეადგენს, ცოტა არარაციონალურია იმ კუთხით, რომ ბაზარი ამხელა არ არის და კომპანიებს ერთმანეთთან კონკურენცია ფასის ჭრილში უწევს, ეს ხარისხზეც აისახება, რაც უკვე მომხმარებლის უკმაყოფილებას იწვევს;
საქმე ის არის, რომ კომპანიები ცდილობენ, დაბალი ფასით მოიზიდონ კლიენტი, შემდეგ ხედავენ, რომ არ რჩებათ შესაბამისი მოგება, რათა სიახლე, ახალი პროდუქტები შესთავაზონ მომხმარებელს, რაც ჯამში, დაზღვევის ბაზარზე ნეგატიურად აისახება.
ამასთან, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში პოზიტიური მოლოდინებიც შეინიშნება“, - განაცხადა „ბბ დაზღვევის“ გენერალურმა დირექტორმა.
კოტე სულამანიძის თქმით, სავალდებულო დაზღვევის პროდუქტების შემოღება სექტორს ძალიან დიდ ბიძგს მისცემს განვითარებისთვის და სწორედ ეს მიაჩნია „ბბ დაზღვევის“ გენერალურ დირექტორს „პოზიტიურ სიგნალად“.
როგორც ცნობილია, სადაზღვევო ინდუსტრია უკვე რამდენიმე წელია, ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შემოღების მოლოდინშია, რომლის დანერგვაც ბაზარს, დაახლოებით, 300 მლნ ლარით გაზრდის.