BMG-ს სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“ დაუდასტურეს, რომ ვინაიდან ლევანს პირველი ჯგუფის შშმ პირის სტატუსი მიენიჭა, ლევან მძევაშვილს, სადაზღვევო პოლისის შესაბამისად თანხა მაქსიმალური ლიმიტით, 24 310 ევროს (70 000 ლარი) ოდენობით უნაზღაურდება.
„ვოლტის“ კურიერი ლევან მძევაშვილი გასულ წელს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, ავარიაში მოყვა და ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მძიმე დაზიანებები მიიღო.
„ვოლტის“ კურიერებს სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ პოლისი აქვთ და ანაზღაურების წესები დამოკიდებულია სადაზღვევო პაკეტზე. ლევან მძევაშვილი, კომპანიას, უბედური შემთხვევის პოლისით ჰყავდა დაზღვეული, რომლის შესაბამისი ლიმიტითაც მოხდება შემთხვევის ანაზღაურება.
მძევაშვილის მეუღლე, ლელა ცქვიტიშვილი გვიდასტურებს, რომ სადაზღვევო კომპანია “ალდაგიდან” დაუკავშირდნენ და თანხის ანაზღაურებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს.აღსანიშნავია ისიც, რომ მკურნალობის ხარჯების ნაწილი იმ ოჯახმაც დაფარა, ვის გამოც ავარია მოხდა.
მისივე თქმით, ოჯახს ამ დრომდე ხეჩინაშვილის კლინიკის ვალი აქვს 31 000 ლარის ოდენობით. ოჯახს, ლევანის მკურნალობისთვის სახსრები მისი მდგომარეობიდან გამომდინარე არ ჰყოფნის.
შეგახსენებთ, ლევან მძევაშვილი ავარიაში გასული წლის 31 მარტს მოჰყვა. მისი მეუღლის ცნობით, მას ქალა-ფუძის მოტეხილობა, კომური მდგომარეობა, გულის აორტის დაზიანება და სხვა დაუზუსტებელი მრავლობითი ტრავმა აქვს.