ევროპაში საჯარო დღესასწაულები მხოლოდ კულტურული ტრადიცია არ არის - ისინი ეკონომიკაზე პირდაპირ გავლენას ახდენენ. Euronews Business-ის უახლესი პუბლიკაციის მიხედვით, ეკონომისტები სულ უფრო ხშირად სვამენ კითხვას, რა ეკონომიკური ზარალი შეიძლება გამოიწვიოს დამატებითმა ერთმა დასვენების დღემ.
კვლევების თანახმად, ერთი დამატებითი არასამუშაო დღე, საშუალოდ, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 0.08%-ით შემცირებას იწვევს. თუმცა ეს დანაკარგი ნაწილობრივ ბალანსდება ტურიზმისა და მომსახურების სექტორებში გაზრდილი ხარჯების ზრდით.
სტატიაში ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო მაგალითად დანია სახელდება. 2024 წელს ქვეყანამ ისტორიული დღესასწაული Great Prayer Day (Store Bededag) გააუქმა. გადაწყვეტილება, რომელიც 340-წლიანი ტრადიციის შეწყვეტას ნიშნავდა, დაკავშირებული იყო თავდაცვის ხარჯების ზრდასთან და ბიუჯეტში დაახლოებით 3 მილიარდი დანიური კრონის (დაახლოებით 400 მილიონი ევროს) დამატებით შემოსავლის მიღებასთან.
გერმანიის მაგალითზე კი ჩანს, რამდენად მასშტაბურ ეფექტზეა საუბარი. 2024 წელს ქვეყნის ეკონომიკა 4.3 ტრილიონ ევროზე მეტს შეადგენდა, რაც ნიშნავს, რომ ერთი სამუშაო დღის დაკარგვა დაახლოებით 3.4 მილიარდი ევროს ეკონომიკურ აქტივობას უდრის.
ევროკავშირის ქვეყნებს შორის ასევე მნიშვნელოვნად განსხვავდება საჯარო დღესასწაულების რაოდენობა. ლიეტუვასა და კვიპროსში წელიწადში დაახლოებით 15 დასვენების დღეა, გერმანიაში, დაახლოებით 9, ხოლო ევროპული საშუალო მაჩვენებელი 11–12 დღესასწაულის ფარგლებში მერყეობს. დანიაში, Store Bededag-ის გაუქმების შემდეგ, 10 დღესასწაული დარჩა, რაც საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე ოდნავ ნაკლებია.
ეკონომიკური მოდელების მიხედვით, ქვეყანა, რომელსაც 15 დღესასწაული აქვს, 9-დღიან სისტემასთან შედარებით წლიურად დაახლოებით 0.5%-ით ნაკლებ ეკონომიკურ ღირებულებას ქმნის. ეს სხვაობა მსხვილი ეკონომიკებისთვის მილიარდობით ევროს ეკვივალენტია და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს კიდევ უფრო რთულს ხდის.
მიუხედავად ამისა, ეკონომისტები ხაზს უსვამენ, რომ დასვენების დღეები მხოლოდ დანაკარგად არ უნდა განიხილებოდეს. კვლევები აჩვენებს, რომ მეტი დასვენება ამცირებს სამუშაოსთან დაკავშირებულ ავარიებს, ზრდის ადამიანების კეთილდღეობას და ზოგ შემთხვევაში აუმჯობესებს საათობრივ პროდუქტიულობასაც. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, ხანგრძლივი სამუშაო საათები ყოველთვის არ ნიშნავს უფრო მაღალ ეკონომიკურ შედეგს.
ევროპა კვლავ ეძებს ბალანსს ეკონომიკურ ეფექტიანობასა და ცხოვრების ხარისხს შორის. მიუხედავად განსხვავებული მიდგომებისა, ტენდენცია ნათელია - საჯარო დღესასწაულები სულ უფრო მეტად იქცევა ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილად და არა მხოლოდ ტრადიციის საკითხად.




























