მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სადღესასწაულო თარიღებში 50%-იანი დატვირთულობა გვაქვს" - "გუდაირი ინნ"-ის მოლოდინი

გუდაური ინნ

სასტუმრო “გუდაური ინნ"-ში მიმდინარე წლის ზამთრის ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით დადებითი მოლოდინები აქვთ. როგორც სასტუმროს მმართველი კომპანია "ინნ ჰოსფითალითის" კომერციული დირექტორი ნინა გაჩეჩილაძე BM.GE-სთან აღნიშნა, ჯავშნების მიღების პროცესი უკვე დაწყებულია.

"ზამთრის სეზონზე ჯავშნების მიღების პროცესი უკვე დაწყებულია, ზამთრის სადღესასწაულო თარიღებში უკვე დაახლოებით 50%-იანი დატვირთულობა გვაქვს. აღსანიშნავია, რომ წინა წლებთან შედარებით, მომართვიანობა გაზრდილია. შესაბამისად, დადებითი მოლოდინები გვაქვს და ვფიქრობთ, მიმდინარე წლის სეზონი ნაყოფიერი იქნება ბიზნესისთვის", - დასძინა ნინა გაჩეჩილაძემ.

ამასთან, კომპანიის კომერციულმა დირექტორმა ისრაელის ბაზარზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი წილი დაახლოებით 15-20% იყო.

"ისრაელის ბაზრის მოცულობითი წილი მთლიანობაში 15-20% იყო, ჩვენთან ეს ბაზარი სხვა ალტერნატიული ბაზრით არ ჩაგვინაცვლებია, მოხდა დელეგირება და სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობების შედეგად მოთხოვნის გაზრდა. ისრაელს ჯავშნების მხრივ, დიდი წილი ეჭირა, თუმცა სხვა ქვეყნებიდან - მეზობელი ქვეყნებიდან, ევროპისა და "გალფის" ქვეყნებიდან, აქტიურად შემოგვდის ჯავშნები. ამასთან, შეცვლილია მომხარებლის ქცევა, გაზრდილია ონლაინ გაყიდვებს არხებიდან მიღებული ჯავშნების რაოდენობა, რაც ერთი მხრივ ჩვენ მიერ გაწეული მარკეტინგული აქტივობების შედეგია და მეორე მხრივ, საქართველოსადმი ინტერესი მიზნობრივ აუდიტორიაში გაიზარდა. მოგზაურები დამოუკიდებლად გეგმავენ სამოგზაურო ტურს, რაც ნამდვილად ჩანს გაყიდვების არხებიდან მიღებული ჯავშნების რაოდენობაში", - აღნიშნა მან.

აღსანიშნავია, რომ კომპანიას მიმდინარე წელს ფასების გაზრდაც მოუწია, მიზეზი ლოგისტიკის ნაწილში თვითღირებულების გაზრდა იყო.

"რაც შეეხება საფასო პოლიტიკას - გაიზარდა ფასები, თუმცა უმნიშვნელოდ. ამ ყველაფრის გამომწვევი მიზეზი გახლდათ ის, რომ ლოგისტიკის ნაწილში ბიზნესს თვითღირებულება გაეზარდა, შესაბამისად, შეგვეცვალა სარეალიზაციო ტარიფები. მინდა აღვნიშნო, რომ ტარიფების შეცვლა განპირობებული იყო თვითღირებულების დასაფარად და არა მოგების გაზრდის მიზნით", - თქვა კომერციულმა დირექტორმა.

ინფორმაციისთვის: სასტუმრო „გუდაური ინნს“ სხვადასხვა კატეგორიის 60 ნომერი აქვს. 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო დაბა გუდაურში, დაბის ცენტრიდან 50 მეტრის დაშორებით მდებარეობს. სასტუმროს აქვს ისეთი სერვისებითაც, როგორიცაა უფასო ტრანსფერი სასტუმროდან საბაგიროებამდე და უკან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები