მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სადგურის მოედანზე მეორადი ტანსაცმლის ბაზრობის მოვაჭრეები გაიფიცნენ - მოთხოვნები

6130e35af2d24
ვიქტორია მღებრიშვილი
02.09.21 19:05
8398
სადგურის მოედანზე მეორადი ტანსაცმლის ბაზრობის მოვაჭრეები გაიფიცნენ. ისინი მერიას, მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენამდე, იჯარის გადასახადის განახევრებას თხოვენ - ინფორმაციას ამის შესახებ პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობის წარმომადგენელი მარიამ ალიხანაშვილი ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, საპროტესტო აქციასა და მოთხოვნას 50-ზე მეტი მოვაჭრე შეუერთდა.

აქციის მონაწილეების მდგომარების საილუსტრაციოდ მას ერთ-ერთი მოვაჭრის მაგალითი მოჰყავს და აღნიშნავს, რომ მათ იჯარის თანხის გადასახდელად, იმისთვის რომ ბაზრობის ადმინისტრაციამ არ გამოაძევოთ ბანკიდან სესხის აღება უწევთ, რადგან ბაზრობა ფაქტობრივად ვერ მუშაობს და შემოსავალი არ აქვთ.

BM.GE მარიამ ალიხანაშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„დღეს აქციაზე მოვაჭრეებისგან მათივე ისტორიები მოვისმინე და მინდა გადმოგცეთ, როგორ უწევთ არსებობისთვის ბრძოლა, ამ სოციალურად უპასუხისმგებლო სახელმწიფოში.

პირველ რიგში, ცოტაოდენი რამ, მოვაჭრეების იჯარის ხელშეკრულების შესახებ: ხელშეკრულების მიხედვით ერთ კვადრატულ მეტრზე უნდა გადაიხადონ დღეში - 12 ლარი. ერთ-ერთ მოვაჭრეს, ქალბატონ ლიას, ორი მეტრის ფართობზე უწევს ყოველდღიურად 24 ლარის გადახდა, თვეში - 720 ლარის. ვიღაცებს 3 კვადრატულ მეტრზე - 1080 ლარის.

მოვაჭრეებისთვის არ არსებობს კვირაში არც ერთი დასვენების დღე (არც ერთი!), არც ოფიციალური უქმე დღეები შექმნილა მოვაჭრეებისთვის, რაც სხვა ყველა სულიერისთვის მოქმედებს ამ ქვეყანაში. ეს იმიტომ, რომ თუ დაისვენებენ, მაინც მოუწევთ იმ დღის იჯარის გადახდა (თუნდაც უქმე დღეს). ასევე, არ აქვს მნიშვნელობა რამდენი დღითაა თებერვლის თვე, ვალდებული არიან გადაიხადონ 30 დღის იჯარა (ანუ იმ დღისაც, რომელიც არ არსებობს).

ხელშეკრულებებს უცვლიან თავის ნებაზე. ყველას განსხვავებული ვადით უდევთ ხელშეკრულებები, ზოგს მუდმივად ახლიდან ერთ თვიანს უფორმებენ, ზოგს სამ თვიანს, ზოგს ექვს თვიანს.

პანდემიის პერიოდში მათ უთხრეს, რომ ძველი ხელშეკრულებები ვეღარ იმოქმედებს და ახალი უნდა დაედოთ (მიუხედავად იმისა, რომ არ იყო გასული 6 თვიანი ხელშეკრულებების ვადა). ძველი ხელშეკრულებები შეუწყვიტეს და ახლის თანახმად, ორი ლარით გაუზარდეს იჯარა. თუ ვინმემ პრეტენზია გამოთქვა ახალ ხელშეკრულებებზე - თუ არ მოგწონს, წადიო.

დღევანდელ მოცემულობას რაც შეეხება: სახელმწიფოს რეგულაციის მიხედვით საზოგადოებრივი ტრანსპორტი როგორც იცით არ მუშაობს. შესაბამისად, ბაზრობაზე სავაჭროდ რამდენი ხალხი დადის ამ პირობებში რთულად წარმოსადგენი არ არის - დიახ, მას შემდეგ, რაც ტრანსპორტი აიკრძალა, ხალხი ბაზრობაზე ვეღარ დადის.

გუშინ ვაგზლის ბაზრობის მოვაჭრემ, ქალბატონმა ლიამ, ვეღარ ნახა ვერავინ თავის ქუჩიდან ვაგზალზე მიმავალი, რომ ტაქსის თანხის გაყოფა ეთხოვა, გამოვიდა სახლიდან და 10 ლარი გადაიხადა სამუშაო ადგილამდე მისვლისთვის.

ამ დღეს, როგორც ქალბატონმა ლიამ მომიყვა, მხოლოდ 3 ლარის პროდუქტი ივაჭრა, რადგან მომხმარებელი ვეღარ დადის ბაზრობაზე. შესაბამისად, იჯარას (24 ლარს) ვერ იხდიდა. რა უნდა ექნა? ან გადაიხდიდა, ან გამოაძევებდნენ (როგორც აქამდე ბევრი გამოაძევეს გადაუხდელობის გამო, პანდემიის დროს). ადგა და სესხი აიღო ბანკიდან - იჯარა გადაიხადა.

შეგახსენებთ, კიდევ 11 დღეა დარჩენილი, ამ მოცემულობით, ტრანსპორტის ამუშავებამდე, კიდევ 11 დღე მოუწევს ქალბატონ ლიას იჯარა სესხით დაფაროს.

ასევე, ამ უტრანსპორტობის პერიოდში, შვილთან ერთად მისულ მოვაჭრე ქალს დახვდნენ და ძალით გამოაძევეს სამუშაო ადგილიდან, რადგან წინა დღის იჯარა ვერ გადაიხადა. ასე გამოუძევებიათ არაერთი მოვაჭრეც თურმე.

მოკლედ, ერთ-ერთი მთავარი ამ მოცემულობაში, რის გამოც მოვაჭრეები იჯარას ვერ ფარავენ არის მაღალი გადასახადი და ხელისუფლების მიერ შემოღებული რეგულაცია საზტრანსპორტის შესახებ.

ერთადერთი პასუხისმგებლობა ვისაც უნდა დაეკისროს ამის გამო არის თვითონ სახელმწიფო - ის ვალდებულია მცირე სოციალური პასუხისმგებლობა მაინც აიღოს საკუთარ მოქალაქეებზე და მერიის დაქვემდებარებაში მყოფ მოვაჭრეებს დროებით, შეუმციროს ან საერთოდ გაუუქმოს იჯარის გადასახადი, მაგრამ არც მერია, არც ადმინისტრაცია ყურს არ იბერტყავს. მხოლოდ ერთმანეთს აბრალებენ ვის ეკუთვნის პასუხისმგებლობა მოვაჭრეებზე.

სწორედ ამიტომ, ხვალ პროტესტის მეორე დღეა, და ყველას მოგიწოდებთ, შემოუერთდით მოვაჭრეების სამართლიან ბრძოლას!“, - წერს პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობის წარმომადგენელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები