თბილისთან ახლოს, ქართულ-გერმანულ სოფელ ასურეთში მდებარე რესტორანი „სადგური“ 2025 წელს პოზიტიურად აფასებს. ამის შესახებ BM.GE-ს „სადგურის“ დამფუძნებელმა, რუსუდან ბარათაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, გასული წელი ობიექტისთვის წარმატებული აღმოჩნდა როგორც ინფრასტრუქტურულ სიახლეებში, ისე მომსახურების გაფართოების კუთხით. ჩადებულმა ინვესტიციამ კი, 2025-2026 წლებში დაახლოებით 300 000 დოლარი შეადგინა.
„2025 წელი „სადგურისთვის“ კარგი წელი იყო. დავამატეთ დარჩენის შესაძლებლობა – ჩვენს ტერიტორიაზე არსებული, გერმანელების მიერ აშენებული ავთენტური ქოხი მოვაწესრიგეთ და სტუმრებისთვის დასარჩენ სივრცედ გადავაკეთეთ. შევეცადეთ, მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა მისი ძველი იერსახე – ხის კედლები, ხის სახურავი, რაც სტუმრებს დროში მოგზაურობის განცდას უტოვებს. გარდა ამისა, გვაქვს კიდევ ერთი აპარტამენტი, სადაც სტუმრებს შეუძლიათ დარჩენა“, – ამბობს ბარათაშვილი.
მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ობიექტს სრული დატვირთვით ერთდროულად 10 სტუმრის განთავსება შეუძლია. დარჩენის ღირებულება კვირის დღეებში 180 ლარს შეადგენს, ხოლო შაბათ-კვირას – 200 ლარს. დამფუძნებლის თქმით, საუზმე ფასში არ შედის და დამატებით 30 ლარი ღირს ერთ ადამიანზე:
„ძირითადად ქართველები არიან დაინტერესებულები – ოჯახები, წყვილები და მეგობრების ჯგუფები. სტუმრების დაახლოებით 90% ადგილობრივია, ხოლო 10% – გერმანიიდან ჩამოსული ვიზიტორები“, – აღნიშნავს ის.
რუსუდან ბარათაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ 2025 წელს „სადგურმა“ ახალი მიმართულებაც დაამატა და საერთო სამუშაო სივრცე შექმნა, თუმცა მისი შეფასებით, ამ სერვისზე მოთხოვნა მოლოდინზე დაბალია: „გვაქვს ძალიან კომფორტული coworking სივრცე – სინათლით სავსე, ბუხრიანი ოთახი, სადაც გუნდებს შეუძლიათ მთელი დღის განმავლობაში იმუშაონ. თბილისიდან სულ 40 წუთში სრულიად იცვლი გარემოს, წყდები ქალაქის ხმაურს და უფრო პროდუქტიული ხდები. მიუხედავად ამისა, აქტივობა ამ ეტაპზე, შედარებით დაბალია – საშუალოდ თვეში ერთი ჯგუფი გვყავს“, – ამბობს ის.
ამასთან, მისი თქმით, მნიშვნელოვნად გაიზარდა კორპორატიული ღონისძიებების მიმართულება. კომპანიები „სადგურს“ ხშირად ირჩევენ ერთდღიანი "თიმბილდინგებისთვის", ხოლო 2025 წელს ობიექტმა სხვადასხვა ფესტივალსა და ღონისძიებასაც უმასპინძლა.
„განსაკუთრებით გამოვარჩევდი „ოქროსფერ ფესტს“, ლუდის ფესტივალს, სადაც ვნახეთ, რომ მოთხოვნა ჩვენს შესაძლებლობებს აღემატებოდა – სტუმრების მიღება ფიზიკურად ვერ მოვახერხეთ სრული მასშტაბით. სწორედ ამიტომ, შევიძინეთ მიწის ნაკვეთი, რომელსაც საპარკინგე ზონად გამოვიყენებთ“, – ამბობს ბარათაშვილი.
რაც შეეხება 2026 წელს, ობიექტის დამფუძნებლის ინფორმაციით, "სადგური" იმავე მიმართულებით აგრძელებს განვითარებას და გეგმავს როგორც დარჩენის ინფრასტრუქტურის გაფართოებას, ისე ღონისძიებების მასშტაბის ზრდას.
ტურისტული ობიექტი, რესტორანი “სადგური” თბილისიდან 40 კილომეტრში მდებარე ასურეთში, კერძოდ, ელიზაბეთტალის უბანში მდებარეობს, რომელიც მე-20 საუკუნის 30-იან წლებში გერმანელების მიერ აშენდა. მაშინ “სადგურის” ტერიტორია ფუნქციურად სამანქანე-სატრაქტორე სადგური იყო, რომელიც ჩვენამდე ნანგრევების სახით მოვიდა. აღნიშნული ტერიტორიის ტურისტულ კვების ობიექტად ქცევის იდეა 2014 წელს გაჩნდა, თუმცა დაახლოებით ორი წლის წინ გაიხსნა. ობიექტის განვითარებაში ჯამური ინვესტიცია 700 000 დოლარს შეადგენს.




























