1 იანვრიდან სადისტრიბუციო ავტომობილებს დედაქალაქში გადაადგილება პიკის საათებში შეეზღუდებათ. მერიის ინფორმაციით შეზღუდვა 08:00-დან 11:00 საათამდე და 17:00-დან 20:00-მდე იმოქმედებს. კანონი პიკის საათებში დიდ გაბარიტიანი ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვის შესახებ, ერთი წელია, ძალაშია, თუმცა სადისტრიბუციო კომპანიებს, საგამონაკლისო წესით, მოსამზადებელი ვადა ჰქონდათ მიცემული.
BMG დაინტერესდა, რამდენად მზადაა სექტორი შეზღუდვისთვის, რომელიც მომავალი კვირიდან ამოქმედდება - როგორც დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი, ლაშა რიჟამაძე გვეუბნება, სადისტრიბუციო კომპანიები მზად არ არიან, რადგან ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ღამის დისტრიბუციაზე გადაწყობისთვის ემზადებიან, დედაქალაქის მერიამ კი ეს ინიციატივაც გააუქმა.
"ზაფხულს პერიოდიდან, დედაქალაქის მერიის სატრანსპორტო სამსახურის უფროსი, ბატონი ვიქტორ წილოსანი, ასოციაციის წევრ კომპანიებთან, ასოციაციასთან, რითეილ სექტორთან გამართულ შეხვედრებზე აჟღერებდა, რომ მიდიოდა ღამის დისტრიბუციაზე გადაწყობა. გასული თვეების განმავლობაში, ყველა შეხვედრა ემსახურებოდა ღამის დისტრიბუციაზე გადაწყობას, თუ როგორ გაიწერებოდა ეს დროში, ეტაპობრივად, რომ კომპანიებისთვის მტკივნეული არ ყოფილიყო. ახლა ვიგებთ თბილისის მერიის გადაწყვეტილებას, რომ საერთოდ ღამის დისტრიბუციას არ განიხილავენ და 1 იანვრიდან პიკის საათებში გადაადგილებაც გვეზღუდება.
ამასთან დაკავშირებით ბატონ ვიქტორთან გვქონდა კომუნიკაცია და, ჩვენი მხრივ ვუხსნიდით, რომ ეს ტექნიკურად რთული პროცესია და ეტაპობრივად განვახორციელოთ, თვეების, წლის ჭრილში... დღეს ბატონი ვიქტორი აღარაა ხელმძღვანელი და კურატორის მიერ ისეთის პასუხი იყო, თითქოს ღამის დისტრიბუციაზე საუბარი საერთოდაც არ ყოფილა. არა ღამის დისტრიბუცია და არა დილის დისტრიბუცია - ეს წარმოუდგენელი მიდგომაა", - აცხადებს ლაშა რიჟამაძე.
მისი თქმით, შეზღუდვაზე მორგება ხარჯებს როგორც სადისტრიბუციო კომპანიებს, ასევე პროდუქციის მიმღებ ობიექტებს გაუზრდის. ასოციაციის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ პიკის საათებში დისტრიბუციის შეზღუდვა პროდუქტებზე ფასის ზრდას და, რიგ შემთხვევებში, მათ დეფიციტს გამოიწვევს.
"პრაქტიკულად ყველა ის კომპანია, რომელსაც გაბარიტული სატრანსპორტო საშუალებით ახდენენ მომარაგებას, ამისთვის მზად არის. ტექნიკურად, ფიზიკურად ვერ გადაეწყობა, შეუძლებელი იქნება. ამან შეიძლება გამოიწვიოს, როგორც პროდუქციის მომარაგების კუთხით პრობლემა, ასევე მათ შორის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მომხმარებლისთვის - ფასების ზრდა. ფასზე ნებისმიერ შემთხვევაში ნეგატიურად იმოქმედებს, გაიზრდება ყველა ადგილობრივ წარმოებაზე: რძის პროდუქტები, ლუდი, ლიმონათი... ეს მწარმოებლის ინტერესშიც არ შედის, მაგრამ ფიზიკურად შეუძლებელი იქნება ფასის ზრდის გარეშე ამ პროდუქციის მიწოდება ობიექტებისთვის და ზოგჯერ ფიზიკურად შეიძლება თაროზე არ დახვდეს მომხმარებელს.
პიკის საათებში დისტრიბუციის შეზღუდვა ავტოპარკის ჩანაცვლებას მოითხოვს, რაც დროის ასე მოკლე ინტერვალში ვერ მოხდება. რამდენიმე ათეული დიდი მანქანიდან თითოეულის 2-3 მცირე მანქანით ჩანაცვლება იქნება საჭირო, ამას დამატებითი კადრი სჭირდება, კომპანიას თუ 100 კადრი ჰყავდა, ახლა 300 უნდა აიყვანოს", - ამბობს ლაშა რიჟამაძე.
ასოციაციის პრეზიდენტი ასევე მიიჩნევს, რომ პიკის საათებში დისტრიბუციის მანქანების შეზღუდვა ქალაქში სატრანსპორტო მოძრაობას ვერ განმუხტავს, რისი დამადასტურებელი კვლევაც მერიას უკვე წარედგინა.
"თბილისის მერიასთან მაქსიმუმს ვეცადეთ, სამწუხაროდ, ფიზიკურად შეუძლებელია მეტი. ვფიქრობ, მერია საერთოდ არაა ინფორმირებული რაღაც საკითხებზე. წარმოუდგენელია, ეს გადაწყვეტილება მიიღო, იმ ფონზე, რომ ლარის კურსი მერყეობს და ფასები ამაზე რეაგირებს. ისეთ პროდუქტებზე როგორებიცაა რძის ნაწარმი, რომელიც თაროზე შეიძლება აღარ დახვდეთ, რადგან გაბარიტული საშუალებებით მარაგდება, ფიზიკურად შეუძლებელია ეს გადაწყვეტილება მიიღო, როცა დედაქალაქის განტვირთვასაც ვერ მოახერხებს, რისი კვლევაც წარვუდგინეთ მერიას, და ნეგატიურადაც აისახება მომხმარებელზე. პლუს ამას, დაჯარიმებასაც იწვევს, კონტრაქტითაა განსაზღვრული, რომ თუ ობიექტს პროდუქტს ვერ მიაწვდი, მინიმუმ 1000-ლარიანი ჯარიმაა. დღეში თუ 10 ობიექტს ვერ მივაწოდე პროდუქტი, 10 ათასი ლარით უნდა დავჯარიმდე?" - ამბობს ასოციაციის პრეზიდენტი.
როგორც ლაშა რიჟამაძე აღნიშნავს, გამოსავალი, ამ შემთხვევაში, დედაქალაქის მერიის ნებაშია, რომელმაც პიკის საათებში პირველადი მოხმარების პროდუქციის, საკვებისა და ჰიგიენური ნივთების დისტრიბუცია უნდა დაუშვას. მეორე მხრივ კი შესაძლოა, თავად პროდუქციის მიმღები ობიექტები გადაეწყონ ღამის დისტრიბუციაზე, თუმცა ეს მათ ხარჯებს მნიშვნელოვნად გაუზრდით.
"სადისტრიბუციო კომპანიებისთვის ღამის დისტრიბუცია არ წარმოადგენს ისეთ სირთულეს, როგორც პროდუქციის მიმღები კომპანიებისთვის. მაღაზიები ვერ ახერხებენ გადაწყობას. ფიზიკურად არ ჰყავთ პროდუქციის მიმღები პირი, კადრების დეფიციტი აქვთ. ობიექტების დიდი ნაწილი ღამე საერთოდ არ მუშაობს, მაშინ ობიექტმა უნდა იმუშაოს უფრო ხანგრძლივად, რაც დამატებითი ხარჯია ყველასთვის. მაგალითად, ერთ-ერთ ქსელის შემთხვევაში, ეს იყო რამდენიმე მილიონიანი ხარჯი, რომელიც ღამის დისტრიბუციის მიღების შემთხვევაში გაეზრდებოდა - ეს საბოლოოდ მაინც მომხმარებელზე აისახება", - ამბობს ლაშა რიჟამაძე.
2024 წლის 1-ელი იანვრიდან დროის გარკვეულ მონაკვეთში, დედაქალაქის კონკრეტულ ადგილებში დიდი გაბარიტების მქონე მანქანების, M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებისთვის გადაადგილება აიკრძალა. აკრძალვა 08:00- 11:00 საათებსა და 17:00-20:00 საათების შუალედში მოქმედებს.
08:00-11:00 საათების შუალედში რეგულაცია არ ვრცელდება შემდეგ სატრანსპორტო საშუალებებზე: საზოგადოებრივ ტრანსპორტზე; საავარიო, ასევე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი შემთხვევების აღმოსაფხვრელად საჭირო ტრანსპორტზე, (სასწრაფო დახმარების, სამაშველო, სახანძრო, საევაკუაციო და ა.შ. ტრანსპორტი); მუნიციპალური ან სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტზე; მოსწავლეებისა და სტუდენტების გადაადგილებისათვის საჭირო ტრანსპორტზე; ტურისტული საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტზე; ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ პირებზე; ბეტონმზიდ სატრანსპორტო საშუალებებზე; ნავთობპროდუქტების გადამზიდავ ტრანსპორტზე.
შეზღუდვა არ მოქმედებს შაბათ-კვირას, უქმე დღეებსა და აგვისტოში. კანონის მიხედვით, დამრღვევი პირზე ჯარიმა 1000 ლარია, განმეორების შემთხვევაში კი 3000 ლარი.