გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, თენგიზ ნასარიძის განცხადებით, საძოვრების მართვის შესახებ კანონპროექტის შემუშავება უახლოეს პერიოდში დასრულდება. ამის შესახებ მან სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა.
სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრაზე საძოვრების იდენტიფიცირებაზე, ზონირებაზე, საკუთრების უფლებაზე, კატეგორიის ცვლილებაზე, საძოვრების საერთო სარგებლობასა და საძოვრების მართვის თემაზე იმსჯელეს.
„საძოვრების მართვა, წლების განმავლობაში, გამოწვევა იყო როგორც ჩვენი ფერმერებისთვის, ისე ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებისთვის. სამუშაო შეხვედრებზე შევჯერდით მთავარ საკითხებზე, რაც კანონპროექტში იქნება ასახული. ვფიქრობთ, რამდენიმე თვეში კანონპროექტს საზოგადოებას საჯარო განხილვების ფორმატში წარვუდგენთ. კანონპროექტი მუშავდება მოსახლეობის და ფერმერების ინტერესების სრულად გათვალისწინებით“, - აღნიშნა თენგიზ ნასარიძემ.
საძოვრების მართვის შესახებ კანონპროექტის მიზანი საძოვრების მდგრადი მართვის სამართლებრივი საფუძვლების შექმნით საძოვრების დეგრადაციის პრევენცია, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება, პროდუქტიულობის გაუმჯობესება, ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და მეცხოველეობის დარგის მდგრადი განვითარების ხელშეწყობაა. კანონპროექტი სახელმწიფო, მუნიციპალურ და კერძო საკუთრებაში არსებული საძოვრების; დაცულ ტერიტორიებში, მათ შორის დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ მართული, ასევე დაცულ ლანდშაფტებსა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებში და ტყეში, ასევე მათ ფარგლებს გარეთ მდებარე საძოვრების მართვას დაარეგულირებს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, მზია გიორგობიანის განცხადებით, მნიშვნელოვანია მსგავსი ფორმატის დიალოგი, რათა სწორად განისაზღვროს უწყებების როლი და ყველა მომზადებული შეხვდეს რეფორმას.
შეხვედრა პროექტის „მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის (LDN) ეროვნული მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით“ ფარგლებში, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) ორგანიზებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მხარდაჭერით გაიმართა.