მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი რუსული ენერგოკომპანიების მაღალჩინოსნების სია

6314a0bca5892
გიორგი თოლორდავა
04.09.22 20:44
1629
ბოლო პერიოდში უმსხვილესი რუსული ენერგოკომპანიების მაღალი თანამდებობის პირების საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების შემთხვევებმა უჩვეულოდ იმატა.

Gazprom-ისა და Lukoil-ის არაერთი წარმომადგენლის სიკვდილის შესახებ რუსულ მედიაში სხვადასხვა სახის ინფორმაცია ვრცელდება, მათ შორის უკანასკნელი კი Lukoil-ის დირექტორთა საბჭოს წევრს, რავილ მაგანოვს უკავშირდება, რომელიც გასულ კვირას გარდაცვლილი იპოვეს.

გთავაზობთ ბოლო პერიოდში გარდაცვლილ მაღალი თანამდებობის პირთა სიას:


ლეონიდ შულმანი

60 წლის შულმანი Gazprom-ის სატრანსპორტო სერვისების დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო; იგი წელს საკუთარ კოტეჯში, სოფელ ლენინსკში გარდაცვლილი იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, შულმანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სუიციდის სავარაუდო მიზეზად ჯანმრთელობის გაუსაძლისი მდგომარეობა სახელდება.


ალექსანდრ ტიულაკოვი

61 წლის ტიულაკოვი Gazprom-ის გენერალური დირექტორის მოადგილე იყო. ისიც, შულმანის მსგავსად, სოფელ ლენინსკში, საკუთარ ავტოფარეხში იპოვეს გარდაცვლილი.

ოფიციალური ცნობით, ტიულიაკოვმაც თავი მოიკლა, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილის სხეულს ფიზიკური ძალაობის კვალი ეტყობოდა, რაც იძლევა იმის ვარაუდის საშუალებას, რომ უმსხვილესი რუსული ენერგოკომპანიის მაღალჩინოსანი განზრახ მკვლელობის მსხვერპლი გახდა.

საგულისხმოა, რომ სოფელი ლენინსკი რუსეთში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და ძვირადღირებულ სააგარაკო ზონად ითვლება.


ვლადისლავ ავაიევი

51 წლის ავაიევი კრემლის ყოფილი მაღალჩინოსანი და უმსხვილესი რუსული ბანკის, Gazprombank-ის ვიცე-პრეზიდენტი იყო. ის აპრილის თვეს საკუთარ საცხოვრებელს სახლში, მოსკოვში მის მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად გარდაცვლილი იპოვეს.

პოლიციის მტკიცებით, ავაიევმა ცოლ-შვილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, შემდეგ კი, სხვების მსგავსად, სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.


მიხაილ ვატფორდი

66 წლის ვატფორდი რუსეთის მასშტაბით არაერთი ენერგოკომპანიის მფლობელი იყო. იგი ინგლისში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი ტიულაკოვის სიკვდილიდან ზუსტად სამი დღის შემდეგ იპოვეს.

მილიარდერი ბიზნესმენის სიკვდილის ზუსტი მიზეზი ჯერაც უცნობია, თუმცა ადგილობრივი სამართალდამცავების ინფორმაციით, იგი საეჭვო ვითარებაში, მოულოდნელად გარდაიცვალა.

რუსულ სამთავრობო მედიაში ვატფორდის სიკვდილიც შესაძლო სუიციდს დაუკავშირეს.


სერგეი პროტოსენია

55 წლის პროტოსენია უმსხვილესი თხევადი გაზის კომპანიის, Novatek-ის თავმჯდომარის მოადგილე იყო. იგი გარდაცვილი ავაიევის სიკვდილიდან ზუსტად ერთი დღის შემდეგ იპოვეს.

აგრეთვე ავაიევის მსგავსად, ისიც გარდაცვლილ ცოლ-შვილთან ერთად იპოვეს, რომელთაც ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა ჰქონდათ მიყენებული, თავად რუსი ბიზნესმენი კი ჩამომხრჩვალი იყო.

პროტოსენიას სიკვდილის ამბავიც რუსულ მედიაში ოჯახურ ძალადობად და სუიციდად შეფასდა. საგულისხმოა, რომ თვითმკვლელობის თეორიას სასტიკად უარყოფს მისი ვაჟი, რომელიც ამტკიცებს, რომ მის მშობლებს არავითარი ოჯახური პრობლემა არ ჰქონდათ, თუმცა თავად სერგეის, საქმიანობიდან გამომდინარე, ბევრი გავლენიანი მტერი ჰყავდა.


ალექსანდრ სუბოტინი

43 წლის მილიარდერი ნავთობკომპანია Lukoil-ის დირექტორთა საბჭოს წევრი იყო. იგი გარდაცვლილი საკუთარ სახლში, გაურკვეველ ვითარებაში იპოვეს.

TASS-ის ცნობით, სუბოტინი გულის შეტევით გარდაიცვალა.


იური ვორონოვი

61 წლის ვორონოვი Gazprom-ის ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრაქტორი კომპანიის ხელმძღვანელი იყო. იგი გარდაცვლილი საკუთარ სახლში, საცურაო აუზთან ახლოს ნახეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ვორონოვი მოკლეს, რადგან მას სასიკვდილო ჭრილობა კეფაში ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰქონდა მიყენებული. ვორონოვის მეუღლის მტკიცებით, მისი სიკვდილი კონტრაქტორებთან უთანხმოებას უკავშირდება.


რავილ მაგანოვი

68 წლის მაგანოვი კომპანია Lukoil-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იყო და მოცემულ სიაში ყველაზე გავლენიანი პიროვნება, რომელსაც უშუალო კავშირები ჰქონდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. ის გარდაცვლილი გასულ კვირას იპოვეს.

TASS-ის ცნობით, მაგანოვმა სიცოცხლე სუიციდით დაასრულა, თუმცა რუსულ მედიაში სხვა საწინააღმდეგო შინაარსის ინფორმაციაც გავრცელდა. წყაროთა ნაწილის მტკიცებით, ის საავადმყოფოს ფანჯრიდან გადმოაგდეს; ნაწილი კი იუწყება, რომ იგი დაავადებამ იმსხვერპლა.

გასათვალისწინებელია, რომ Lukoil-ი ერთ-ერთი პირველი მსხვილი რუსული კომპანია იყო, რომელმაც უკრაინაში განხორციელებული სამხედრო ოპერაცია საჯაროდ დაგმო და მთავრობას ომის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები