"ქართული ოცნების" პარლამენტის ვიცე-სპიკერი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ ქვეყანაში საელჩოების დიქტატურა უნდა განეიტრალდეს. მან ამის შესახებ "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.
"არასამთავრობო ორგანიზაციების დიქტატურაზე რომ ვსაუბრობთ, რომელიც როგორღაც უნდა დასრულდეს, ასევე, საელჩოების დიქტატურაც, ერთ დღეს, რაღაცნაირად უნდა განეიტრალდეს.
მაგალითად საელჩოების დიქტატურაა, როდესაც მე, კულტურის მინისტრს მიბარებს დასავლური დიდი ქვეყნის ელჩი, მიკაკუნებს თითს მაგიდაზე და მეუბნება, რომ ასე კი არა, ასე უნდა იმუშაო. ამ დროს მე ვუსმენ და ვხვდები, რომ ის უკვე ქვეყანას აყენებს შეურაცხყოფას და თუ არ შეასრულებ, მერე მიდის პრემიერთან და ეუბნება, რომ ეს არის შენი ყველაზე ცუდი მინისტრი და გააგდე. ეს არ იყო აშშ-ს ელჩი და თუ შემეპასუხება, სხვა დეტალებსაც მოვყვები, გვარიც შემიძლია ვთქვა",- ამბობს თეა წულუკიანი.