Caucasus Auto Import-ში აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოსთვის რამდენიმე ახალი საექსპორტო ბაზარი გააქტიურდა.
როგორც “საქმის კურსის” ეთერში Caucasus Auto Import-ის გაყიდვების დეპარტამენტის უფროსმა განაცხადა, ბოლო თვეებში საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი მზარდია ისეთ ქვეყნებში როგორიცაა ტაჯიკეთი, მოლდოვა, თურქმენეთი.
თუმცა ალექსანდრე ვეკუას განცხადებით, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია ერთ-ერთი გამოწვევაა, რადგან ავტომობილების რეექსპორტის მნიშვნელოვანი წილი კვლავ ცენტრალური აზიის ქვეყნებზე მოდის.
“საექსპორტო ბაზრების მიმართულებით პირველ-მეორე ადგილზე ისევ ყაზახეთი და ყირგიზეთია. მესამე ადგილზე ტაჯიკეთი მოდის და შემდეგ უკვე სხვადასხვა ქვეყნები, მათ შორის აზერბაიჯანი და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები. ბოლო პერიოდში გააქტიურებულია ტაჯიკეთის მიმართულებით რეექსპორტი. მაგალითად, ბოლო კვარტალის მონაცემს თუ ავიღებთ, ტაჯიკეთის წილი 15-16%-ია. ზოგადად, ყაზახეთი-ყირგიზეთის მიმართულებით რეექსპორტი მთლიანი ბრუნვის 70-75%-ია.
ეს მაინც გამოწვევად რჩება, იმიტომ რომ ორ ქვეყანაზე ამხელა საექსპორტო დატვირთვას დივერსიფიკაციას ნამდვილად ვერ დავარქმევთ, ეს მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომ ჩვენი ჰაბის სტატუსი შევინარჩუნოთ და მაქსიმალურად დივერსიფიცირებული გვქონდეს ეს ბიზნესი. თუმცა, წლების განმავლობაში ემატება ახალი ქვეყნები, მათ შორის მოლდოვაში გვაქვს რეექსპორტი, თურქმენეთში დაფიქსირდა, ერაყის მიმართულებით იყო რეექსპორტი. ამ ქვეყნებთან მჭიდრო ურთიერთობებით, მუშაობით შეიძლება, რომ ჩვენი ჰაბის სტატუსი მეტად დივერსიფიცირებული გვქონდეს, თუმცა ამას ერთი და ორი თვე ნამდვილად არ ეყოფა, წლები დასჭირდება”, - განაცხადა ალექსანდრე ვეკუამ.
ცნობისთვის, წელს 10 თვეში საქართველოდან რეკორდული, 2.3 მილიარდი დოლარის ღირებულების ავტომობილები გავიდა რეექსპორტზე, რაც წლიურად 14.3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. მთავარი საექსპორტო ბაზარი კვლავ ყირგიზეთია, სადაც მილიარდ 166 მილიონი დოლარის ღირებულების ავტომობილები გაიყიდა, ზრდა ამ მიმართულებით 21%-ია. მეორე მთავარი საექსპორტო ბაზარი კი ყაზახეთია, სადაც 10 თვეში 639 მილიონი დოლარის ღირებულების ავტომობილები გაიყიდა, ზრდა ამ მიმართულებით 3% იყო.




























