მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“III კვარტალი ერთ-ერთი საუკეთესო იყო, რეკორდული გაყიდვები დაფიქსირდა” - Caucasus Auto Import

ავტომობილები

Caucasus Auto Import-ის გაყიდვების დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე ვეკუას განცხადებით, გასული 9 თვიდან სექტორისთვის განსაკუთრებით მზარდი მესამე კვარტალი იყო, როცა ავტომობილების რეკორდული გაყიდვები დაფიქსირდა.

2025 წლის 9 თვეში საქართველოდან უცხოეთში ექსპორტზე 2 მილიარდი დოლარის ღირებულების 82.5 ათასი ავტომობილი გავიდა. თანხობრივად ავტოექსპორტი 14%-ით, რაოდენობრივად კი 3.9 ათასი ავტომობილით არის გაზრდილი. ამ მაჩვენებლით, ავტოექსპორტმა მთლიან ექსპორტში 39%-იანი წილი დაიკავა.

ავტოიმპორტიორი კომპანიის გაყიდვების დეპარტამენტის უფროსი აღნიშნავს, რომ ძირითადი საექსპორტო ბაზრები ისევ ყირგიზეთი და ყაზახეთია, საინტერესო მიმართულებაა ტაჯიკეთი, სადაც შესაძლოა საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტის მაჩვენებლების ზრდა მოხდეს.

“ამ ბიზნესს ციკლურობა ახასიათებს. პირველ და მეორე კვარტალს ყოველთვის მესამე და მეოთხე კვარტალი ჯობია, ბევრად უფრო აქტიურია. იგივე სურათი გვაქვს წელსაც, მესამე კვარტალი ერთ-ერთი საუკეთესო იყო, რეკორდული გაყიდვები დაფიქსირდა.

საავტომობილო პროფიციტი ამ წუთას ნამდვილად არ გვაქვს და დეფიციტსაც არ ველოდებით, რადგანაც მოთხოვნა და მიწოდება ბალანსშია.

გაყიდვების მიმართულებით სტაბილური მდგომარეობაა, იმპორტის ნაწილშიც და რეექსპორტის ნაწილშიც აქაც სტაბილური ზრდაა. საეექსპორტო ბაზრებს რაც შეეხება, ისევ ყაზახეთი და ყირგიზეთი ლიდერობენ. მათ შორის, ავტომობილები გადის ტაჯიკეთშიც, აზერბაიჯანშიც, თუმცა შედარებით მცირე რაოდენობით.

აქტიურად ვმუშაობთ, რომ მოვიძიოთ ახალი ბაზრები, მოლაპარაკებები ვაწარმოოთ და უფრო გავაფართოოთ არეალი. საქართველო რეგიონში ჰაბის სტატუსს ინარჩუნებს. პერსპექტივა არის იგივე ტაჯიკეთის მიმართულებით, იმიტომ, რომ მათ შიდა მონაცემებს რომ შევავლოთ თვალი, ამ ქვეყანაში ათასობით მეორადი ავტომობილი შედის, თუმცა სამწუხაროდ, საქართველო მოწინავე ნამდვილად არ არის.

ჩვენ აქ ვხედავთ განვითარების შესაძლებლობას და შეიძლება, რომ რაოდენობრივად გავზარდოთ ეს მიმართულება”, - ამბობს Caucasus Auto Import-ის გაყიდვების დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე ვეკუა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები