მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ახლა შევდივართ დაბალი გაყიდვების პერიოდში - ე.წ. პროფიციტის ფაზაში" - ავტომობილების ბაზრის მოლოდინები

ავტომობილების ექსპორტი

Caucasus Auto Import-ში აცხადებენ, რომ ავტობაზრის სეზონურობიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე სექტორი შედარებით ნაკლებად აქტიურ ფაზაში შედის, როდესაც გაყიდვების დაბალი მაჩვენებელია და მიწოდება მოთხოვნას აჭარბებს.

როგორც “საქმის კურსის” ეთერში Caucasus Auto Import-ის გაყიდვების დეპარტამენტის უფროსმა ალექსანდრე ვეკუამ განაცხადა, მოსალოდნელია, რომ გაზაფხულზე მოთხოვნა შედარებით გააქტიურდება.

რაც შეეხება ბაზარზე არსებულ ტენდენციებს, ვეკუას განცხადებით, 2025 წლის განმავლობაში განსაკუთრებული ზრდა ელექტრომობილების იმპორტში დაფიქსირდა.

“2025 წელს ავტომობილების იმპორტში რაოდენობრივად დაახლოებით 20%-იანი ზრდა გვქონდა, ხოლო რეექსპორტში დაახლოებით 6%-იანი. ასევე, აღსანიშნავია, რომ ელექტრომობილების იმპორტი დაახლოებით 81%-ითაა გაზრდილი, ელექტრომობილების პირველადი რეგისტრაცია კი თითქმის 5%-ითაა გაზრდილი. რეექსპორტს რაც შეეხება, ისევ შუა აზია ლიდერობს. რაოდენობრივად შემიძლია ვთქვა, რომ ყაზახეთია პირველ ადგილზეა დაახლოებით 33-35%-იანი ბაზრის წილით, შემდეგ ყირგიზეთი მოდის 30-32%-ით და ტაჯიკეთი, რომელსაც 5%-იანი წილი აქვს. თუმცა, ბოლო პერიოდში ძალიან არის გააქტიურებული ეს მიმართულება და ჩვენ თუ 2025 წლის ბოლო კვარტალს ავიღებთ, აქ უკვე 15-16%-იანი წილია ერთ კვარტალში, რაც საკმაოდ მსხვილი მოცულობაა.

ზოგადად, ამ ბიზნესში პროგნოზების გაკეთება ძალიან რთულია, რადგან მერყევ რეგიონში ვცხოვრობთ. გეოპოლიტიკური სიტუაცია იცვლება, მათ შორის საკანონმდებლო დონეზეც - ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები ხშირად ცვლიან საბაჟო კანონებს, ბიუროკრატიული ნაწილი ჯერ კიდევ შემორჩენილია. ამიტომ პროგნოზებისგან თავს შევიკავებ, თუმცა ბოლო წლების გამოცდილება გვეუბნება, რომ წლიდან წლამდე მზარდია ეს ბიზნესი და საქართველო, როგორც საავტომობილო ჰაბი, რეგიონში ძლიერდება. 2026 წელსაც ეს ტენდენცია უნდა შენარჩუნდეს.

ამ ბიზნესს სეზონურობა ახასიათებს. ახლა შევდივართ პერიოდში, როცა გაყიდვების დაბალი მაჩვენებელია და ე.წ. პროფიციტის ფაზაში გადავდივართ, სადაც მიწოდება აჭარბებს მოთხოვნას. გაზაფხულისკენ და შემოდგომაზე კი, როგორც წესი, დეფიციტი გვაქვს ხოლმე. ამიტომ წლის პირველი კვარტალი ყველაზე აქტიური ნამდვილად არ გახლავთ”, - განაცხადა ალექსანდრე ვეკუამ.

ცნობისთვის, 2025 წლის განმავლობაში საქართველოდან უცხოეთში 2.8 მილიარდი დოლარის ღირებულების 111.6 ათასი ავტომობილი გავიდა რეექსპორტზე, რაც წინა წელთან შედარებით 16%-ით მეტია. რაც შეეხება იმპორტს, გასულ წელს საქართველოში სულ 3.9 მლრდ დოლარის ღირებულების ავტომობილები შემოვიდა, რაც წლიურად 11,5%-იანი მატებაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები