მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საექსპორტო გაყიდვებში დიდი ბრიტანეთის წილი 10%-მდეა - "ჩელთი"

ჩელთი

მეღვინეობა „ჩელთის“ კომერციული დირექტორის ანა მირიანაშვილის ინფორმაციით, კომპანიის გაყიდვების 10%-მდე წილი დიდ ბრიტანეთზე მოდის. ამის შესახებ მან BMGTV-ს გადაცემაში "ქალების ნარატივი" ისაუბრა.

მისი თქმით, ბრიტანეთი ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული ბაზარია კომპანიისთვის, როგორც მოცულობის, ისე პოტენციალის თვალსაზრისით. მირიანაშვილი ხაზს უსვამს, რომ ქართული ღვინის წილი ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ მცირეა, თუმცა ტენდენცია მზარდია და უახლოეს წლებში გაყიდვების გაორმაგება ან გასამმაგებაც კი მოსალოდნელია.

„ბრიტანეთი საკმაოდ დიდი ბაზარია, რადგან საერთაშორისო ღვინოები ყველაზე დიდი რაოდენობით მოიხმარება. აქამდე ქართულ ღვინოს დიდი წილი არ ეჭირა, თუმცა ტენდენცია ძალიან პოზიტიურია და ვვარაუდობთ, რომ ციფრები, რაც გვაქვს, მალე შეიძლება გაორმაგდეს და გასამმაგდეს. ჯერჯერობით ინგლისში მხოლოდ ჰორეკას მიმართულებით ვართ წარმოდგენილი, მაგრამ სამომავლოდ გვინდა ღვინის სპეციალიზებული მაღაზიების ქსელებშიც ვიყოთ", - თქვა მან და დასძინა, რომ ამ ბაზარზე თაროზე გასაყიდი ფასი მინიმუმ ოთხჯერ აჭარბებს მიწოდების ღირებულებას.

ამ ეტაპზე „ჩელთის“ ბრიტანეთში მიწოდება ძირითადად გერმანიიდან ხორციელდება, სადაც კომპანიის ლოგისტიკური ცენტრი მდებარეობს. როგორც მირიანაშვილი განმარტავს, პირდაპირი ექსპორტი საქართველოდან მხოლოდ მაშინ გახდება რეალური, როცა შეკვეთების მოცულობა გაიზრდება.

„ბევრმა ცნობილმა გამოცემამ, მაგალითად როგორიცაა Vogue UK „ჩელთის“ შესახებ დაწერა და დაასახელა ბრენდად, რომელსაც აქვს პოტენციალი, რომ წლის ბრენდი გახდეს ინგლისის ბაზარზე, ალკოჰოლური სექტორის და ღვინის სექტორის მიმართულებით, რაც ჩვენთვის ძალიან სასიხარულო ფაქტია.

21 სექტემბერს ლონდონის მოდის კვირეული იწყება, სადაც გახსნის ცერემონიალს „ჩელთი“ გახსნის, რასაც წლების მუშაობა დასჭირდა, თუმცა ჩვენ ვცდილობთ, რომ კიდევ გავაუმჯობესოთ შედეგები და აქტიურად ვიმუშაოთ ამ კონკრეტულ ბაზარზე“, - აცხადებს ანა მირიანაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები