მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საერთაშორისო ბაზარზე ბუნებრივი აირის ფასი შესაძლოა 50-60%-ით გაიზარდოს - Galt & Taggart

ფასები

Galt & Taggart-ის ნედლეულის გლობალური ბაზრის ყოველთვიური მიმოხილვის მიხედვით, საერთაშორისო ბაზარზე, ბუნებრივი აირის ფასები ახლანდელი ნიშნულიდან შესაძლოა 50-60%-ით გაიზარდოს.

2024 წლის მაისში ბუნებრივი აირის ფასი თვიურად 20.4%-ით გაიზარდა და დღეისთვის მგვტ.სთ-ის ღირებულება 38.2 დოლარია.

„ევროპული გაზის (Dutch TTF) ნეტ ყიდვის პოზიციებმა 2022 წლის თებერვლის შემდეგ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. ენერგოკრიზისის დროს გათხევადებული ბუნებრივი აირის (LNG) შესყიდვებით, ევროპის კონტინენტმა შეძლო რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლება. მეორეს მხრივ, ახლა მას LNG-სთვის აზიასთან უწევს კონკურენცია“, - აღნიშნულია ნედლეულის ბაზრის მიმოხილვაში.

დოკუმენტის ავტორები იმ ფაქტორებს მიმოიხილავენ, რომლებიც ბუნებრივი აირის ცვლილებაზე მოქმედებს.

„წინა მიმოხილვებში ვახსენეთ, რომ ენერგოკრიზისი მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება გამოცხადდეს დასრულებულად, როცა ცივი ზამთრის დროს ევროპაც და აზიაც შეძლებენ საკმარისი მიწოდების მოძიებას. თუმცა, შესაძლოა გლობალური მიწოდების გადანაწილება ცივ თვეებამდე ბევრად ადრე გახდეს საჭირო. ბუნებრივი აირი მნიშვნელოვან როლს ასრულებს გათბობაში, მაგრამ ის ასევე აღსანიშნავი კომპონენტია ცხელ თვეებში გაგრილებაში. წლევანდელი ზაფხული, სავარაუდოდ, რეკორდულად ცხელი იქნება, რაც ბუნებრივი აირის მოთხოვნაშიც აისახება. მაგალითად, ეგვიპტემ, რომელიც როგორც წესი ექსპორტიორია, LNG-ის შესყიდვა დაიწყო რათა ცხელ თვეებში ელექტროენერგიის გათიშვა აირიდოს. ასევე მზარდია მოთხოვნა ინდოეთში, რაც აქაც ელექტროენერგიის სექტორისგან მომდინარეობს.

ცხელი ოკეანეები ჩრდილოეთ ამერიკაში ქარიშხლების წარმოშობას უწყობს ხელს, რაც აშშ-ს LNG წარმოებას უქმნის საფრთხეს. დამატებით, გვალვების გამო შესაძლოა ლათინურ ამერიკაში ჰიდრო გენერაცია შემცირდეს და საპირწონედ თერმო გენერაცია გაიზარდოს. Citigroup-ის მიხედვით, ამ ორ კომპონენტს თუ ევროპა-აზიის მნიშვნელოვანი მოთხოვნაც დაემატება, შესაძლებელია ფასები ახლანდელი ნიშნულიდან 50-60%-ით გაიზარდოს“, - აღნიშნავენ Galt & Taggart-ში და დასძენენ, რომ ფუნდამენტური მიზეზების გარდა, ფასზე გავლენას მოულოდნელი მოვლენებიც ახდენს. მათი ინფორმაციით, ორშაბათს, 3 ივნისს, ევროპული გაზის ფასი რამდენიმე საათში 13%-ით გაიზარდა და მიმდინარე წლის უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. „ეს ნახტომი ნორვეგიის ერთ-ერთი გაზ-გადამამუშავებელი ქარხნის გაჩერებას მოჰყვა. ცნობისთვის, 2023 წელს ნორვეგიული ბუნებრივი აირი ევროკავშირის მოხმარების 30%-ს აკმაყოფილებდა“, - ნათქვამია მიმოხილვაში.

მათივე ცნობით, რუსულმა Gazprom-მა 2023 წლის ფინანსური შედეგები წარადგინა - ზარალი $6.9მლრდ, რაც ბოლო 25 წლის ყველზე ცუდი შედეგია. „ანალიტიკოსების მიხედვით, ეს რიცხვები კარგად აჩვენებს თუ როგორ ვერ შეძლო ენერგო-გიგანტმა ევროკავშირის ბაზრის დაკარგვასთან გამკლავება. სანაცვლოდ, რუსეთი ცდილობს ჩინეთთან ეკონომიკური კავშირების გაზრდას და აქტიურად ლობირებს Power of Siberia 2 პროექტს, რაც ორ ქვეყანას გაზსადენით დააკვაშირებს. თუმცა, Financial Times-ის მიხედვით, პეკინის საფასო მოთხოვნების გამო გარიგება ნელა მიიწევს წინ, რაც მიუთითებს, რომ ორ ქვეყანას შორის დომინანტი სავარაუდოდ ჩინური მხარეა“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.

ცნობისთვის, საქართველოში 4 თვის ჭრილში ბუნებრივი აირის იმპორტის ღირებულება წლიურად 22.3%- ით შემცირდა, რაც დაბალი საიმპორტო ფასის შედეგია, რადგან მოცულობა ბევრად ნაკლებად 7.8%-ით შემცირდა წ/წ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები