მიმდინარე კვირაში საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის ღირებულება მკვეთრად დაეცა, გასულ 24 საათში WTI Crude-ის ღირებულება 5.7%-ით, 97 დოლარამდე შემცირდა. Brent-ის მარკის ნავთობის ღირებულება კი თითქმის 6%-ითაა შემცირებული და ამჟამად ბარელი ბრენტის ფასი 100 დოლარის ფარგლებში მერყეობს.
აღსანიშნავია, რომ რუსეთ-უკრაინის ომისა და ევროპის მასშტაბით გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, გასულ კვირას ბარელი Brent-ის ფასი 130-დოლარიან ნიშნულამდე გაიზარდა, თუმცა მკვეთრ ზრდას მალევე მოჰყვა ფასების კორექცია.
ექსპერტების შეფასებით, უკანასკნელ პერიოდში ნავთობის გაიაფება რამდენიმე ძირითადი ფაქტორითაა განპირობებული. პირველი მათგანი პოზიტიურ მოლოდინებს უკავშირდება - ინვესტორების შეფასებით, იზრდება იმის შესაძლებლობა, რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წარმატებული აღმოჩნდეს და კონფლიქტის განვითარება დეესკალაციის მიმართულებით წარიმართოს.
მეორე ფაქტორი ჩინეთში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდაა, რაც აჩენს იმის რისკებს, რომ მთავრობამ მობილობა შეზღუდოს და ლოკდაუნები დააწესოს. ჩინეთის მასშტაბით, ეკონომიკური აქტივობის შეზღუდვისა და საწვავზე მოთხოვნის შემცირების რისკები ნავთობის ფასებზე ნეგატიურ ზეწოლას ახდენს.
მესამე ფაქტორი მსხვილი ნავთობექსპორტიორი სახელმწიფოების განცხადებებს უკავშირდება. რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის, საუდის არაბეთი, აშშ და აზერბაიჯანი ადასტურებენ მზაობას - საერთაშორისო ბაზარზე გაზარდონ ნავთობის და სხვა ენერგოპროდუქტების მიწოდება, რათა თავიდან იქნეს აცილებული დეფიციტური ვითარება, რომელიც შესაძლოა, რუსეთის მიერ მიწოდების შეზღუდვამ გამოიწვიოს.




























