იურისტი ზვიად კორძაძე BMGDrive-ის ეთერში აღნიშნავს, რომ 18 ივნისს, ევროპის ჩემპიონატზე საქართველო-თურქეთის მატჩის შემდეგ, ეროვნული ნაკრების შესახებ დადებითი საერთაშორისო გამოხმაურება ქართული ფეხბურთის, მათ შორის, მოქმედი თუ მომავალი ფეხბურთელებისთვის, უმნიშვნელოვანესია.
კორძაძე განმარტავს, რომ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყურადღების ეპიცენტრში ყოფნა ნაკრების წევრებს უკეთესი შეთავაზებების მიღებაში დაეხმარებათ. მეორე მხრივ კი, ბავშვებს საქართველოში ფეხბურთის თამაშის პერსპექტივას აჩვენებს.
"საერთაშორისო გამოხმაურება ქართული ფეხბურთისთვის უმნიშვნელოვანესია. ახლა რომ დავდივართ და ქუჩებში ვხედავთ ბავშვებს, მათთვისაა უმნიშვნელოვანესი. ეს ყველაფერი ხვიჩას [კვარაცხელია] ფაქტორიდან დაიწყო და ბოლო ამბებიც ამის მიშველებაა, როდესაც უცებ მსოფლიომ დაინახა, რომ ეს შემთხვევით კი არ მოხდა და ხვიჩაც გამონაკლისი კი არ არის, არამედ საქართველო ყოფილა საფეხბურთო ქვეყანა, გუნდი ჰყოლიათ. რამდენი სკაუტის თვალი მოტრიალდა ჩვენი ნაკრებისკენ? მაგალითად, ყველგან ვიძახი და ვწერ, ქოჩორაშვილი რატომ არ არის რომელიმე ძალიან დიდ გუნდში, გაურკვეველია - ახლა გაირკვევა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქოჩორაშვილის კიდევ ერთი ასეთი თამაში და სერიოზული წინადადებები შეიძლება წამოვიდეს, იმიტომ რომ “ლევანტეზე” უფრო დიდ გუნდში უნდა იყოს - ეს ერთ-ერთი ფაქტორია, რატომაც ეს მნიშვნელოვანია.
მეორე ისაა, რომ როდესაც ახალგაზრდებს ეუბნებიან, მოდი, სპორტით დაკავდი, ფეხბურთი ითამაშე… კი, ეს არის სპორტული ცხოვრების პოპულარიზაცია, მაგრამ როდესაც ჩნდება გზა, რომ ასე თუ ივარჯიშებ კარგად, მერე კვარასავით წაგიყვანენ, მიქაუტაძესავით წაგიყვანენ და ასეთ დონეებზე ითამაშებ - ბავშვები ამას ხედავენ. რაც არ უნდა ცუდი სათქმელი იყოს, საქართველოს ჩემპიონატზე შემხედვარე, ბავშვები ვერ ხედავენ პერსპექტივას, რომელიც მათთვის არსებობს და ეს მეორე პრობლემაა, რომელზეც, იმედია, საერთაშორისო გამოხმაურება კარგად იმოქმედებს", - განაცხადა ზვიად კორძაძემ.
EURO 2024-ის ფარგლებში 18 ივნისს საქართველომ სადებიუტო შეხვედრა გამართა თურქეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ. თამაში თურქეთის ნაკრების სასარგებლოდ, ანგარიშით 3-1 დასრულდა.