მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საერთაშორისო ინვესტორებისგან ჩვენს საფინანსო სექტორში კაპიტალის დაბანდების მაღალ ინტერესს იჩენენ - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძის განცხადებით, თბილისის ფინანსური სამიტი ხელს შეუწყობს რეგიონულ თანამშრომლობას ფინანსური სერვისების განვითარების მიმართულებით, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, საქართველო, ფინანსური ტექნოლოგიების ჰაბი გახდეს. ამის შესახებ მან თბილისის ფინანსური სამიტის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2021-2024 წლებში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ თითქმის 10% შეადგინა, აღნიშნული დინამიკა მიმდინარე წელსაც გრძელდება.

„ეკონომიკურ ზრდასთან ერთად მიღწეულია ფასების სტაბილურობაც. 2023 წლის დასაწყისიდან ინფლაცია შემცირდა და ორი წლის განმავლობაში მიზნობრივ დონესთან შედარებით დაბალ მაჩვენებელზე შენარჩუნდა. 2024 წელს ინფლაცია საშუალოდ 1.1% იყო და ეს მაშინ, როდესაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მაღალი ინფლაცია მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა. ფასების სტაბილურობა ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე წელსაც ნარჩუნდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, საერთაშორისო ინვესტორებისგან ჩვენს საფინანსო სექტორში კაპიტალის დაბანდების მაღალ ინტერესს იჩენენ.

„საქართველოში საფინანსო სექტორი დინამიკურად ვითარდება და ინვესტორებისთვის სულ უფრო მიმზიდველი ხდება. წამყვანი ქართული ბანკების აქციები უკვე წლებია, ლონდონის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება. ასევე, ქართულმა ბანკებმა გააფართოვეს საქმიანობა ქვეყნის გარეთ და რეგიონის სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებენ საბანკო ოპერაციებს. ვხედავთ როგორც რეგიონის, ასევე საერთაშორისო ინვესტორებისგან ჩვენს საფინანსო სექტორში კაპიტალის დაბანდების მაღალ ინტერესს.

საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი აქტიურად უწყობენ ხელს საფინანსო სექტორში კონკურენციის ზრდას, ფინანსური სერვისების ხელმისაწვდომობის გაფართოებას, ინოვაციური პროდუქტების დანერგვას და ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებას. საფინანსო სექტორში ციფრული სერვისების და ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვა მომხმარებლებს თანამედროვე, სწრაფ და უსაფრთხო სერვისებს სთავაზობს. პარალელურად, იზრდება ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, რაც დამატებით ინვესტიციებს, ადგილობრივი ბიზნესის გაფართოებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას უწყობს ხელს.

თბილისის ფინანსური სამიტი ხელს შეუწყობს რეგიონულ თანამშრომლობას ფინანსური სერვისების განვითარების მიმართულებით, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, საქართველო, ფინანსური ტექნოლოგიების ჰაბი გახდეს. ეს ასევე ხელს შეუწყობს შუა დერეფნის ქვეყნებში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას, ეკონომიკის ზრდას, რეგიონში სავაჭრო ბრუნვის გაძლიერებას და გამარტივებას“, - განაცხადა კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები