მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საერთაშორისო კრიტიკის ფონზე, xAI-მ Grok-ს ადამიანების სურათების რედაქტირება შეუზღუდა

xAI

ილონ მასკის ტექნოლოგიურმა კომპანია xAI-მ საკუთარ ხელოვნური ინტელექტის მოდელ Grok-ს სურათების რედაქტირების ფუნქცია გარკვეულწილად შეუზღუდა.

კერძოდ, მომხმარებლებს ადამიანების სურათებში შესწორებების შეტანის უფლება აღარ ექნებათ. აღსანიშნავია, რომ ეს შეზღუდვა არამარტო Grok-ის უფასო მომხმარებლებს, არამედ ფასიან გამომწერებსაც დაუწესდათ. ცნობისთვის, კომპანიამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც Grok-ი საერთაშორისო სკანდალში გაეხვია. საუბარია AI ასისტენტის მიერ მომხმარებლების არალეგალური მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე. კერძოდ, ქალების, მათ შორის, არასრულწლოვანი გოგოების სურათების რედაქტირებაზე და მათ გაშიშვლებაზე.

საერთაშორისო სკანდალის ფონზე, Grok-ის წინააღმდეგ გამოძიება არაერთმა სახელმწიფომ, მათ შორის, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ და იაპონიამ დაიწყეს. რიგ აზიურ ქვეყნებში, მათ შორის ფილიპინებში, მალაიზიასა და ინდონეზიაში AI ასისტენტზე წვდომა სრულად აიკრძალა. შეზღუდვის დარღვევაზე კი მკაცრი ფინანსური სასჯელი დაწესდა. Grok-ის წინააღმდეგ გამოძიება კალიფორნიაში, ანუ იმ შტატშიც დაიწყო, სადაც xAI არის რეგისტრირებული. პროკურორი Grok-ის შემქმნელ კომპანიას კანონმდებლობის დარღვევაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ xAI-მ გამიზნულად მისცა ხელოვნურ ინტელექტის უფლება, დაეგენერირებინა ისეთი სურათები, რომლებიც რეალურად გადაღების შემთხვევაში შტატში არასრულწლოვანთა პროსტიტუციის ფორმად ჩაითვლებოდა. კალიფორნიის გუბერნატორი, დემოკრატი გევინ ნიუსომი მიიჩნევს, რომ xAI-ს წინააღმდეგ გამოძიება სრულფასოვნად უნდა ჩატარდეს და კომპანია, რომელმაც საკუთარი ხელოვნურ ინტელექტს კანონმდებლობასთან შესაბამისი ბარიერები არ დაუწესა, მკაცრად დაისაჯოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები