დაახლოებით ბოლო ერთი თვის განმავლობაში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ შეჩერებული დახმარებების მოცულობამ ნახევარ მილიარდ ლარს გადააჭარბა, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "ევროოპტიმისტების" წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა. ის $95 მლნ-იანი დაფინანსების შეჩერების შესახებ აშშ-ის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
"ვიცით, რომ დახმარება შეგვიჩერა ევროკავშირმა, გერმანიამ, დანიამ, აი აგერ უკვე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ეს უკვე დომინოს პრინციპის სახეს იღებს. მთელი დემოკრატიული სამყარო ფაქტობრივად შეაჩერებს საქართველოსთან ურთიერთობებს ფინანსური კუთხით. ამას მოჰყვება კატასტროფული შედეგები, გაგრძელდება უკვე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან ქვეყნის იზოლაცია, როგორც არის მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდი, ისევე როგორც სხვა საფინანსო ინსტიტუტები, რომელზეც დგას დღეს მთელი სახელმწიფო და ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი. ამას მოჰყვება უმუშევრობა ქვეყნის დაცლა, ფასების ზრდა და ეკონომიკის ჩამოშლა. ჯერ კიდევ იკავებენ თავს და სულ რაღაც 3 თვეა დარჩენილი არჩევნებამდე და ელოდებიან არჩევნების შედეგებს. თუ ეს ხელისუფლება დარჩა ძალაუფლებაში, ეს იმის მომასწავებელი იქნება, რომ საქართველო მოექცევა სრულ საერთაშორისო იზოლაციაში, როგორც ფინანსური პოლიტიკური, ასევე სამხედრო კუთხით. და ეს ფაქტობრივად ნიშნავს ქვეყნის გაღატაკებას და 90-იანი წლების დაბრუნებას", - განაცხადა რომან გოცირიძემ.
მისი თქმით, "ქართულმა ოცნებამ" საკუთარი ქვეყანა რუსეთის გვერდით დააყენა.
"ჰამასის ტერორისტების გვერდით ზის საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც გუშინ ააფეთქეს და ხედავს რა გარემოცვაში აღმოჩნდა ქვეყანა. დანაშაულს ჩადის "ქართული ოცნება'', ქვეყანას ღალატობს, ღალატობს კონსტიტუციას და ერთადერთი გამოსავალი ქვეყნის ნორმალური განვითარების გზაზე დასაყენებლად არის ამ ხელისუფლების გასტუმრება არჩევნების გზით", - თქვა პრემიერმა.