“ლოპოტა სპა რეზორტის” კომერციული დირექტორი BM.GE-სთან ტურისტულ სეზონს აჯამებს. როგორც მაკა ღლიღვაშვილი აღნიშნავს, წელს საერთაშორისო ტურიზმის მიმართულებით კახეთში დაბალი აქტივობა იყო.
ივლისსა და აგვისტოში სასტუმროს 90%-იანი დატვირთულობის მიუხედავად, ტურისტული ობიექტის წარმომადგენელი განმარტავს, რომ დამსვენებლებს შორის ძირითადად ადგილობრივი სტუმრები ჭარბობდნენ, საერთაშორისო დამსვენებლის მოზიდვა კი გამოწვევად რჩება.
მისივე თქმით, “ლოპოტა სპა რეზორტში” წელს განსაკუთრებით შემცირდა არაბი დამსვენებლი.
“ზაფხულის სეზონმა კარგად ჩაიარა, თუმცა მოლოდინები იყო ბევრად მეტი. შეიცვალა ბაზრები, სადიანაც კახეთს სტუმრობდნენ. დაგვაკლდა არაბული სამყაროდან სტუმრები, დაახლოებით 54-55%-ით არის შემცირებული, რამაც დიდი ზეგავლენა იქონია საბოლოო შედეგებზე, რადგან ამხელა პროცენტული მაჩვენებლის ჩანაცვლება სხვა ბაზრით ძალიან რთულია.
ის ბაზრები რომლებიც ამ ეტაპზე განვითარებადია საერთაშორისო ტურიზმის მხრივ, ნაკლებად არის დაინტერესებული კახეთის რეგიონით. მაგალითად ჩინელი დამსვენებლები დანიშნული პირდაპირი რეისებით არ ჩამოდიან. ისინი სხვადასხვა ტურით სტუმრობენ კახეთს, თუმცა არ რჩებიან და პირდაპირ თბილისში მიდიან. ამიტომ საერთაშორისო ტურიზმის მხრივ, კახეთში ძალიან რთული სიტუაცია იყო
რაც შეეხება სექტემბერს, სეზონი კარგად მიდის, თუმცა ისევ და ისევ ეს არ არის გამოწვეული საერთაშორისო ტურისტებიდან, ეს არის ისევ და ისევ ჩვენი ერთგული მომხმარებელი, ქართველი დამსვენებლის აქტივობა” - აღნიშნავს “ლოპოტა სპა რეზორტის” კომერციული დირექტორი.