იანვარ-თებერვალში თბილისის საერთო სამუშაო სივრცეების დატვირთვა საშუალოდ 85%-მდე იკლებს, თუმცა წლის დანარჩენ პერიოდში ბიზნესცენტრების დატვირთულობა მაღალ ნიშნულზე რჩება. ამის შესახებ BM.GE-სთან ინტერვიუში კომპანიის “რეგუსი” რეგიონალურმა მენეჯერმა, რუსკა ჩაკვეტაძემ ისაუბრა.
მისი შეფასებით, ჰიბრიდული სამუშაო მოდელის გაძლიერებამ და კომპანიების მხრიდან ხარისხიანი საოფისე სივრცეების მოთხოვნის ზრდამ, 2025 წელსაც დატვირთვის სტაბილურობა უზრუნველყო. მისივე თქმით, 2025 წელი კომპანიისთვის წარმატებული აღმოჩნდა და ჰიბრიდული სამუშაო გარემოს პოპულარობამ, რომელიც მთელს მსოფლიოში ტენდენციად იქცა, საქართველოშიც მნიშვნელოვნად აისახა.
„ზოგადად, მთელს მსოფლიოში და საქართველოც მიჰყვება ამ ტრენდს, რომ ჰიბრიდული სამუშაო გარემო ძალიან ხელსაყრელია კომპანიებისთვის. ასევე განვითარდა ის მიმართულება, რომ ბევრ კომპანიას უკვე უნდა ჰქონდეს კარგი, ლამაზი ოფისი და აღარ თანხმდებიან ბინებში განთავსებას“, - აცხადებს ჩაკვეტაძე.
მისივე შეფასებით, განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნა ფიქსირდება მცირე და საშუალო ზომის, დაახლოებით 50-60 კვადრატული მეტრის ოფისებზე. „ასეთი ზომის ოფისებზე საკმაოდ მაღალი მოთხოვნაა. შესაბამისად, "ქოვორქინგების" ბიზნესიც კარგად ვითარდება“, - აღნიშნავს მენეჯერი.
2025 წელს, კომპანიამ ორი ახალი ცენტრი გახსნა, რამაც ჯამურ დატვირთვაში გარკვეული ცვლილებები განაპირობა. თუმცა, ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე, „ილიარტის“ ბიზნესცენტრში გახსნილი მაღალი კატეგორიის ბრენდი, Signature განსაკუთრებით სწრაფად დაიტვირთა. „ვაკეში გახსნილი ცენტრი ძალიან სწრაფად გაივსო. თითქმის ორ თვეში, სრულიად დატვირთულები ვიყავით – დაახლოებით 90%-მდე“, – აღნიშნავს ჩაკვეტაძე.
მეორე ცენტრი აღმაშენებლის გამზირზე ექსპერიმენტული პროექტია – ყოფილი სასტუმრო საოფისე სივრცეებად გადაკეთდა. ჩაკვეტაძე ამბობს, რომ პროექტის განსხვავებული კონცეფციის მიუხედავად, შედეგით კმაყოფილები არიან. „ამ ლოკაციაზე "ქოვორქინგები" ნაკლებად არის და მიუხედავად იმისა, რომ ექსპერიმენტული პროექტი იყო, მაინც კმაყოფილები ვართ“, – ამბობს რეგიონალური მენეჯერი, თუმცა ხაზს უსვამს, რომ უფრო წარმატებული პროექტი მაინც ვაკეში განხორციელდა, რაც ლოკაციისა და ბრენდის პოზიციონირებას უკავშირდება.
რაც შეეხება მომხმარებელთა სეგმენტს, ჩაკვეტაძის ინფორმაციით, რუსული კომპანიების წილი ამ ეტაპზე მინიმალურია. „რუსები ნაკლებად არიან. ის ბუმი, რაც იყო, დასრულდა. შეიძლება ერთი-ორი კომპანია იყოს მთელს ქსელში,“ – აღნიშნავს ის. მისი ინფორმაციით, ბოლო პერიოდში კი შეინიშნება ჩინური კომპანიების დაინტერესება, განსაკუთრებით ტექნოლოგიურ მიმართულებაში და სახელმწიფო პროექტებთან დაკავშირებულ საქმიანობაში. ასევე აქტიურობენ საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც საქართველოში წარმომადგენლობებს ხსნიან. მისი განმარტებით, ქართული კომპანიები მთლიან დატვირთვაში, ბაზრის მესამედს შეადგენენ, დანარჩენი ძირითადად უცხოური კომპანიები არიან.
კომპანიის წარმომადგენელი ასევე გლობალურ პოლიტიკურ მოვლენებზე საუბრობს, რაც პირდაპირ აისახება საერთო სამუშაო სივრცეების დატვირთვაზე : „ძალიან ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ჩვენი მომხმარებელი იყო, გაედინება საქართველოდან. USAID-ის ბევრი პროექტი დაიხურა და ეს, რა თქმა უნდა, ჩვენც შეგვეხო,“ – ამბობს ის. მიუხედავად ამისა, ბაზარზე ხდება ჩანაცვლება და ახალი კატეგორიის ბიზნესი შემოდის, რაც ნაწილობრივ ანაზღაურებს დანაკლისს.
ფასების პოლიტიკის შესახებ “რეგუსის” რეგიონალური მენეჯერი განმარტავს, რომ კომპანია ინდექსაციის პრინციპით მუშაობს. „კონტრაქტში გვიწერია, რომ ინდექსაციის მიხედვით, ფასები ავტომატურად კორექტირდება, მათ შორის უკვე არსებული კონტრაქტების შემთხვევაშიც. ინდექსაცია დაახლოებით 6%-ია. შესაბამისად, ფასები ავტომატურად იცვლება და იზრდება“, – აღნიშნავს იგი.




























