საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციისთვის სავაჭრო და სადისტრიბუციო კომპანიებში სუსის და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესვლა და სხვადასხვა დოკუმენტაციის ამოღება გაუგებარია.
„საერთოდ ვერ ვხვდებით სამართალდამცველების კვლევის საგანი რა არის“ - თქვა საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ლაშა რიჟამაძემ BMGTV-ს გადაცემა „წერტილის“ წამყვანის იმ კითხვის პასუხად, რომელიც კომპანიებში საგამოძიებო უწყებების შესვლის აუცილებლობას შეეხებოდა.
ლაშა რიჟამაძის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო წლებში, მონიტორინგის ფარგლებში, სადისტრიბუციო კომპანიები კონკურენციის და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს დოკუმენტაციას ისედაც აწვდიდნენ, ბუნდოვანია, რატომ გახდა საჭირო, დამატებით, საგამოძიებო ორგანოების მხრიდან დოკუმენტაციის ამოღება.
- გუშინაც და დღესაც კიდევ ერთხელ განვაცხადეთ, რომ უბრალოდ, ბიზნესი არ იყო ინფორმირებული, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, ინფორმაციის ამოღების თაობაზე და ამან შექმნა გაურკვევლობა - რატომ დადგა ამის საჭიროება, როცა კონკურენციის სააგენტოს ისედაც აწვდიდა თითქმის ყველა ტიპის დოკუმენტაციას, რაც დღეს გამოძიების ინტერესის საგანია, თორემ არცერთ კომპანიას იმის პრობლემა არ აქვს, რომ დოკუმენტაცია, როგორც აქამდე მიაწოდა ერთ სამსახურს, ისე მიაწოდოს - [საგამოძიებო უწყებებსაც]... ჩვენ საერთოდ ვერ ვხვდებით სამართალდამცველების კვლევის საგანი რა არის ანუ რას იკვლევენ, არც ინფორმაციას ვფლობთ...
- ე.წ. „ფასების სამთავრობო კომისიის“ შეხვედრაზე ირაკლი კობახიძეს ხომ არ დაუსვით ამის თაობაზე კითხვა?
- არა, არ გვიკითხავს, რადგან სამთავრობო კომისიის წევრი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი უკვე აღარ იყო და მანამდე ფიზიკურად სხვა საკითხები განიხილებოდა.
შეგახსენებთ: დღეს, ე.წ. „ფასების სამთავრობო კომისია“ სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისიამ, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, პირველი სხდომა 20 იანვარს გამართა. 21 იანვარს კი, "ფასების კომისიის" წარმომადგენლები პროდუქტის მაღალ ფასებთან დაკავშირებით სუპერმარკეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ. მომდევნო კვირის დასაწყისში „ფასების კომისია“ მწარმოებლებს შეხვდება.




























