ნიდერლანდურ კლუბ არნემის “ვიტესს”, სადაც წარსულში საქართველოს ნაკრების მოთამაშეები გურამ კაშია, ვაკო ყაზაიშვილი და გიორგი ჭანტურია თამაშობდნენ, ხოლო ამჟამად მის ღირსებას საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველი ირაკლი იეგოიანი იცავს, სერიოზული პრობლემები აქვს.
კერძოდ კლუბს პროფესიონალური ლიცენზია ოფიციალურად ჩამოერთვა, რისი მიზეზიც დიდი ოდენობით დავალიანება და ბუნდოვანი ფინანსური სტრუქტურა გახდა.
“ვიტესმა”, რომელიც თავს 133-წლიანი ისტორიით და 2017 წელს ნიდერლანდების თასზე გამარჯვებით იწონებს, ლიცენზიის ჩამორთმევის გადაწყვეტილების გასაჩივრება სცადა, მაგრამ ნიდერლანდების ფეხბურთის ნაციონალურმა ასოციაციამ აპელაცია არ დაუკმაყოფილა.
არნემის კლუბი, რომელიც “წლების განმავლობაში გვერდს უვლიდა და არღვევდა სალიცენზიო სისტემის წესებს, ფინანსური სტრუქტურა კი გაუმჭვირვალე ჰქონდა”, ქულების ჩამოკლებით უკვე არაერთხელ დაისაჯა. 2023/4 წლების სეზონში, ჯერ კიდევ ერედივიზიეში მოთამაშე ვიტესს 18 ქულა დააკლეს და დააქვეითეს. ვითარება არც 2024/25 წლების სეზონში გამოსწორდა, რომელიც კლუბმა ერსტე დივიზიეში (მეორე დივიზიონი) გაატარა - 39 ქულის ჩამოკლების შემდეგ არნემელებმა ცხრილში ბოლო ადგილი დაიკავეს.
ვიტესს ნიდერლანდების ფეხბურთის ნაციონალური ასოციაციისგან პროფესიონალური ლიცენზიის ჩამორთმევის გამო სასამართლოში ჩივილის უფლება კიდევ აქვს და თუ არაფერი შეიცვალა, უკეთეს შემთხვევაში, ახალი სეზონის სამოყვარულო ლიგაში დაწყება მოუწევს.




























