„საფერავი - კეთილშობილი, მსოფლიო დონის ვაზის ჯიში“ - ამ სათაურით აქვეყნებს ამერიკული ღვინის ჟურნალი Wine Enthusiast-ი მაისის თვის ნომერში მასალას.
სტატიაში საუბარია საფერავის წარმოშობის ისტორიასა და მის ჯიშურ მახასიათებლებზე, საფერავის როლზე ღვინის თანამედროვე ინდუსტრიაში და მის პერსპექტივებზე ღვინის გლობალურ ბაზარზე.
„საფერავი - მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ყურძნის ჯიშისგან დამზადებული ღვინო ამერიკაში ყველაზე მზარდი კატეგორიაა იმპორტირებულ ღვინოებს შორის მას შემდეგ, რაც CBS-ის გადაცემა „60 წუთი“ ღვინის სამშობლოს, საქართველოს მიეძღვნა; და ასევე, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ქართული სამზარეულო აშშ-ში უფრო ცნობილი გახდა (The New York Times-მა 2024 წელს ქართული რესტორანი Chama Mama დაასახელა ტოპ 100 რესტორანში), შესაძლოა, საფერავიც მალე უფრო პოპულარული გახდეს... როდესაც საფერავის ჭიქას ასწევთ, მხოლოდ მისი არომატებით არ დატკბებით, თქვენ შესვამთ 8000-წლიან ისტორიას დღემდე“, - აღნიშნულია მასალაში.
ქართული ღვინისთვის შეერთებული შტატები სტრატეგიული ბაზარია. 2024 წლის 3 თვეში თანხაში ექსპორტი 3.3%-ით შემცირდა, მოცულობაში კი, 9%-ით გაიზარდა.
წელს, საქართველომ აშშ-ში ექსპორტზე 1 მლნ აშშ დოლარის 188.4 ტონა ყურძნის ნატურალური ღვინო გაყიდა, 2023 წელს კი, 1.1 მლნ აშშ დოლარის 172.7 ტონა.
ქართული ღვინის სარეკლამო კამპანიის ფარგლებში, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ პრესტიჟულ ამერიკულ ღვინის ჟურნალთან Wine Enthusiast თანამშრომლობა გასული წლის ბოლოს დაიწყო.კამპანიის ფარგლებში, ჟურნალში Wine Enthusiast“გასულ წელს გამოქვეყნდა სტატია სათაურით „გაიცანით საქართველო, მეღვინეობის სამშობლო“.