მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა დაჩქარებული წესით განსახილველ კანონპროექტებზე იმსჯელა

პაატა კვიჟინაძე
11.12.23 21:15
346

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა კანონპროექტი „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლითაც საკონტეინერო მოსაკრებელი წესდება.

კანონპროექტის ზოგადი პრინციპების შესახებ პარლამენტის წევრმა გიორგი ხახუბიამ ისაუბრა.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს ქვეყნის, როგორც სატრანზიტო დერეფნის პოტენციალის მაქსიმალური რეალიზება, ისე საქართველოს ლოგისტიკურ რეგიონულ ჰაბად ქცევა, მის უმთავრეს ამოცანად რჩება საერთაშორისო ტვირთბრუნვისთვის განკუთვნილი არსებული ინფრასტრუქტურის შენარჩუნება და მისი შემდგომი განვითარება.

„სწორედ საერთაშორისო ტვირთბრუნვის განვითარებისა და მისთვის ეფექტური ინფრასტრუქტურის შექმნის მოტივიდან გამომდინარეობს წარმოდგენილი ცვლილება. კანონში შესატანი ცვლილებების უმთავრეს მიზანს წარმოადგენს საზღვაო გადაზიდვების განხორციელებაში ჩართულ მუნიციპალიტეტებს მისცეს შესაძლებლობა, რომ ადგილობრივი მოსაკრებლის დაწესების გზით, მათ საერთაშორისო ტვირთბრუნვის სისტემის ეფექტური ფუნქციონირებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნა შეძლონ“, - განაცხადა გიორგი ხახუბიამ.

საკონტეინერო მოსაკრებლის ოდენობა ამავე კანონპროექტის თანახმად, განისაზღვრება, არაუმეტეს 30 ლარით.

ცვლილებები ასევე შედის „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ კანონში და „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში“.

საკანონმდებლო ინიციატივა ეკუთვნის პარლამენტის წევრებს: გიორგი ხახუბიას, არჩილ თალაკვაძეს, გიორგი ჩაკვეტაძეს, ირაკლი ჩიქოვანს, ქეთევან ჩარკვიანს, სალომე ქურასბედიანს, ედიშერ თოლორაიას, ირაკლი კირცხალიას და გოჩა ენუქიძეს.

კომიტეტმა ასევე პირველი მოსმენით განიხილა კანონპროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის მიზანია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მაუწყებლის დაფინანსების არსებული წესის ცვლილება და დახვეწა. კერძოდ: კანონპროექტით უქმდება „მაუწყებლობის შესახებ“ კანონით განსაზღვრული მაუწყებლის დაფინანსების ნორმა, რომელიც ითვალისწინებს მაუწყებლის დაფინანსებას მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0,14%-ით.

როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ განმარტა, კანონპროექტით განისაზღვრა საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ახალი წესი, რომლის შესაბამისადაც: საზოგადოებრივი მაუწყებლობის ბიუჯეტი, დასაგეგმი საბიუჯეტო წლისთვის ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, არანაკლებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებში წინა წლის დასაქმებულ ფიზიკურ პირთა რაოდენობისა და საზოგადოებრივი მაუწყებლობის ბიუჯეტის დაფინანსების კოეფიციენტის - 64 ლარის ნამრავლის შედეგად მიღებული თანხის მოცულობით, მაგრამ არანაკლებ წინა წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული მთლიანი ასიგნების ოდენობისა.

წარმოდგენილი კანონპროექტით ასევე იცვლება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დაფინანსების ოდენობა.

ზემოაღნიშნული ნორმები ძალაში შედის 2026 წლის 1 იანვრიდან.

კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: პაატა კვიჟინაძე, ზაალ მიქელაძე, ირაკლი ზარქუა, გოგი მეშველიანი, ბეჟან წაქაძე, ბექა ლილუაშვილი, ირაკლი კირცხალია, ანტონ ობოლაშვილი, ალექსანდრე რაქვიაშვილი.

კომიტეტმა ორივე საკანონმდებლო ინიციატივას, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს, მხარი დაუჭირა.

სხდომაზე ასევე განიხილეს და დაამტკიცეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშზე: „შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტის (SRAMP)“ 2022 წლის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში“. საკითხი სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ და აუდიტის ჯგუფის ხელმძღვანელმა პაატა კვიჟინაძემ წარადგინა.