მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამინისტროებს მივმართავთ, რომ ავტოიმპორტიორების ინიციატივაზე იმუშაონ - კვიჟინაძე

ავტოიმპორტი

საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის საკანონმდებლო წინადადებაზე, რომელიც საქართველოში დაშლის მიზნით შემოყვანილი ავტომობილების აქციზის ნაცვლად დღგ-ით დაბეგვრას გულისხმობს, სამინისტროები იმუშავებენ. ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ კომიტეტის სხდომაზე საკითხის განხილვისას განაცხადა.

მისი განმარტებით, ასოციაციის ინიციატივა სამინისტროებმა მოიწონეს, თუმცა შემოთავაზებული ფორმა მისაღები არაა და ამიტომ, კომიტეტი შესაბამისი კანონპროექტის შემუშავებისთვის წერილით ფინანსთა სამინისტროს და მთავრობას მიმართავს.

თუ პირს უნდა შემოიტანოს მანქანა და მიზანია, რომ შემდეგ დაშალოს ამჟამად უწევს, რომ შემოიყვანოს როგორც ჩვეულებრივმა მყიდველმა პირადი მოხმარებისთვის, დაარეგისტრიროს, გადაიხადოს აქციზის გადასახადი და შემდეგ დაშალოს. მაგრამ ვთქვათ, თუ მანქანის ცხვირს წამოიღებს მარტო, სადაც ძრავი და ყველაფერია, იქ უკვე მხოლოდ დღგ-ს იხდი. დარგის ითხოვს, რომ თუ წინასწარ ვიცით, რომ დასაშლელად ჩამოდის მანქანა, მაშინ რატომ უნდა დაკარგონ დროს რეგისტრაციაზე და გადაიხადონ აქციზის გადასახადი. ჩვენ ეს წინადადება გადავუგზავნეთ სამინისტროებს, წინააღმდეგები არ არიან, უბრალოდ გარკვეულ რეგულაციებს ითხოვენ, რასაც შემოსული პროექტი არ ითვალისწინებს. მარტივი თემა არაა იმ გაგებით, რომ მარტო გადასახადზე არაა საუბარი, გარემოს დაცვაა, არის შსს-სთან დაკავშირებული საკითხები. ფინანსთა სამინისტროსთან გვქონდა საუბარი, რადგან ეს სამინისტროებთან შესათანხმებელია და რთული პროცესია, მივმართავთ მათ, რომ იმუშაონ ამ საკითხზე და თავად წარმოადგინონ კანონპროექტი“,- განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

თავის მხრივ, ავტო იმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ალექსი ნონიაძემ, რომელიც კომიტეტის სხდომას ესწრებოდა განაცხადა, რომ ინიციატივაზე ასოციაცია ორი წელი მუშაობდა.

"ამ წინადადებაზე ასოციაციამ ორი წელი იმუშავა, გაიარა კონსულტაციები პარლამენტში, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან. მივესალმებით, რომ საკითხი აღმასრულებელმა ხელისუფლებამ განიხილოს. იმედი გვაქვს, მალე დაბრუნდება პარლამენტში და დადებითად გადაწყდება",- თქვა ალექსი ნონიაძემ.

მსუბუქი ავტომობილები საქართველოს ნომერ პირველი საიმპორტო და საექსპორტო საქონელია. კერძოდ, 2024 წლის იანვარ-თებერვალში 36%-იანი კლების მიუხედავად, ავტომობილები იმპორტში კვლავ მოწინავე პოზიციაზე იყო და 258 მილიონი დოლარი შეადგინა. რაც შეეხება ექსპორტს, 11%-ით გაიზარდა და 263 მილიონი დოლარი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები