საქსტატმა 2024 წლის პირველი ორი თვის საგარეო ვაჭრობის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, იანვარ-თებერვალში ექსპორტმა $803 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12%-ით ნაკლებია. სტატისტიკის მიხედვით, 10 უმსხვილეს საექსპორტო საქონელს შორის პირველ ადგილს კვლავ მსუბუქი ავტომობილები იკავებს, რომლის ექსპორტის მოცულობამაც 263 მილიონი დოლარი შეადგინა, ეს მოცულობა წინა წელთან შედარებით 11%-ით გაიზარდა.
საქართველოს 10 უმსხვილესი საექსპორტო საქონლის რეიტინგი
- მსუბუქი ავტომობილები - $262.6 მილიონი დოლარი, ზრდა 11%;
- ღვინოები - $47.6 მილიონი დოლარი, ზრდა 38%;
- ფეროშენადნობები - $42 მილიონი დოლარი, კლება 41%;
- სპირტიანი სასმელები - $35 მილიონი დოლარი, ზრდა 45%;
- ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - $33.8 მილიონი დოლარი, ზრდა 170%;
- მინერალური და მტკნარი წყლები - $21.7 მილიონი დოლარი, ზრდა 43%;
- აზოტოვანი სასუქები - $21.4 მილიონი დოლარი, ზრდა 2%;
- მედიკამენტები - $17.9 მილიონი დოლარი, ზრდა 99%;
- გაზიანი შაქრიანი სასმელები - $14 მილიონი დოლარი, ზრდა 35%;
- ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრად დამუშავებული, ან ფხვნილის სახით - $14 მილიონი დოლარი, კლება 14%.
ქვეყნების მიხედვით, საქართველოს #1 საექსპორტო ქვეყანაა ყირგიზეთი, რაც ავტოექსპორტს უკავშირდება, რადგანაც $125-მილიონიან ექსპორტში 122 მილიონი დოლარი ავტომობილებზე მოდის. ყირგიზეთის მიმართულებით ექსპორტი 179%-ით არის გაზრდილი. მთავარ საექსპორტო ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი 99.5 მილიონი დოლარით (კლება წინა წელთან 11%), ხოლო მესამე პოზიციას $97 მილიონი დოლარით რუსეთის ფედერაცია იკავებს, სადაც ექსპორტი 24%-ით არის შემცირებული.
2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს 10 მთავარ საექსპორტო ქვეყანას შორის ევროკავშირის არცერთი წევრი არაა, მხოლოდ მეათე ადგილზეა შვეიცარია $14 მილიონის ექსპორტით, რომელიც EFTA-ს წევრი სახელმწიფოა.