მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა შშმ სტატუსის მქონე პირებისათვის სოციალური პაკეტის ოდენობის კანონით განსაზღვრას მხარი დაუჭირა

6372410aec1ac
BM.GE
14.11.22 17:21
388
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე სოციალური დახმარების შესახებ კანონში ცვლილების პროექტი განიხილა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირების და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებისთვის სოციალური პაკეტის ყოველწლიურად ზრდას კანონის დონეზე ითვალისწინებს.

„შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები სოციალური პაკეტის მიმღებთა შორის ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი კატეგორიაა და მათ განსაკუთრებული საჭიროებები აქვთ. მიზანშეწონილია, ამ კატეგორიის პირთათვის საკანონმდებლო დონეზე იყოს გარანტირებული სოციალური პაკეტის ოდენობის ყოველწლიური ინდექსაცია და მსგავსი გადაწყვეტილებები არ იყოს დამოკიდებული ყოველ საბიუჯეტო წელს ამ მიზნისთვის გამოყოფილი ასიგნებების ოდენობაზე და ფისკალურ პარამეტრებზე,” - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ კანონპროექტის ზოგადი პრინციპების წარდგენისას.

მისი თქმით, სოციალური პაკეტის ყოველწლიურად ზრდის მიზნით შემოღებული იქნება სოციალური პაკეტის ინდექსაციის იგივე პრინციპი, რაც 2021 წლიდან მოქმედებს პენსიონერებისთვის „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, სოციალური პაკეტის ინდექსაციის პრინციპის შემოღებით ჩამოყალიბდება სოციალური პაკეტის ზრდის მდგრადი მექანიზმი, რაც შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის/ბავშვებისთვის სიღარიბის პრევენციის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იქნება.

სოციალური პაკეტის ინდექსაცია წარმოდგენილი რედაქციით სოციალური პაკეტის ზრდის უფრო მაღალ ინდექსს აწესებს მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებისთვის, ვიდრე სხვა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთათვის. შესაბამისად, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები ყოველწლიურად მიიღებენ გაზრდილ სოციალური პაკეტს, რომელიც აკომპენსირებს ინფლაციას სრულად, ამასთან დამატებით იზრდება ეკონომიკის რეალური ზრდის 80%-ით, მაგრამ არანაკლებ 25 ლარით, ხოლო სხვა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის სოციალური პაკეტი ინფლაციის შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ 20 ლარით გაიზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები